რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლების ელ. ტენდერი დასრულდა

2023-06-06 12:45:00

რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა.

ტენდერში შპს "მგდ-მ" გაიმარჯვა და სკოლებში სამუშაოებს 7 200 136 ლარად შეასრულებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა იამანიძეს და ჰკითხა, როდისთვის დასრულდება სკოლებში რეაბილიტაცია და როდისთვის შეძლებენ მოსწავლეები სწავლის განახლებას შენობებში, რომელშიც ბოლო სამი წელია ვერ გადადიან.

კომპანიის დირექტორის თქმით, სკოლებში რთული ვითარებაა, რის გამოც სამუშაოების დასრულება სექტემბრისთვის ვერ მოესწრება.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სკოლაში 2024 წლის იანვრისთვის აუცილებლად იქნება დასრულებული.

"სექტემბრისთვის ვერანაირად ვერ დასრულდება. ნოემბერში ან დეკემბერში შეიძლება, თუ არადა იანვრიდან 100%-ით იქნება დასრულებული. გარანტიას გაძლევთ დასრულებული იქნება. ყველანაირ ძალ-ღონეს ვიხმართ, მაგრამ 3 თვეში და სექტემბრისთვის შეუძლებელია დავამთავროთ.

რაღაცები არის გაკეთებული. გაყვანილობებია გაკეთებული, მაგრამ გადაჭრილი და მოპარულია. კომპიუტერული ქსელები გაკეთებულია და მოპარულია, შიგნით სარემონტოა. არცერთ სკოლაში სპორტდარბაზი გაკეთებული არაა, სააქტო დარბაზი გაკეთებული არაა. რაღაც ოთახები გაკეთებულია, რომელსაც ბოლომდე მიყვანა და დამთავრება უნდა. გარეთა ფასადი უკვე ცუდ მდგომარეობაშია და შესაღებია. გარედან ასფალტია გასაკეთებელი.

25-ე სკოლას დრენაჟი სჭირდება, კანალიზაცია, გათბობა არაა. ძალიან ბევრი სამუშაოა, რომლისაც არ მეშინია და გავაკეთებ, ოღონდ ნამდვილად გეუბნებით, რომ სექტემბრისთვის ეს შეუძლებელია",- განგვიცხადა მამუკა იამანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 25-ე და 26 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები 2020 წელს გამოცხადდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+-მა" სამუშაოების შესრულება 2021 წლის პირველივე ნახევრიდან დაიწყო.

თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას სამუშაოები ჯერ კიდევ 2021 წლის 16 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადები რამდენჯერმე დაარღვია.

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა შემსრულებელი კომპანია ვადების დარღვევის გამო დააჯარიმა კიდეც, საბოლოოდ კი ხელშეკრულება გაწყვიტა.

28 აპრილს, აღნიშნული სკოლების სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და სკოლების დროული რეაბილიტაცია მოითხოვეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები