"კონტრაქტორი მუშაობს ჯარიმებით"

2022-11-19 12:19:41

რუსთავში ორ წელზე მეტია 25-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სკოლაში სამუშაოების დამთავრების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. როგორც რამდენიმე თვის წინ შემსრულებელი კომპანიის შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+-ის" დირექტორმა ირაკლი ბერძენიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, რეაბილიტაცია 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებისთვის დასრულდებოდა, თუმცა მოსწავლეები ისევ ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესი საკუთარ სკოლაში განაგრძონ.

"ინფო რუსთავი" 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების თხოვნით კიდევ ერთხელ დაინტერესდა საკითხით და მუნიციპალური განვითარების ფონდს კითხვით, როდის დასრულდება სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმართა.

როგორც ფონდში აცხადებენ, კომპანია არის დაჯარიმებული და სამუშაოებს ჯარიმებით აგრძელებს. დასრულების თარიღი კი 2023 წლის პირველი კვარტალია.

"კონტრაქტორი მუშაობს ჯარიმებით, ვადა არ გადაწეულა. როგორც იყო გათვალისწინებული ისე სრულდება, 2023 წლის პირველ კვარტალში",- განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.