2026-09-02 18:38:21
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 50 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანის საქმის არსებითი განხილვის კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბრალდებული არასრულწლოვნის ადოკატმა, ალი ბადიროვმა განუცხადა, არსებითი განხილვის მეოთხე პროცესზე 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის იყო 3 არასრულწლოვანი და 1 ტაქსის მძღოლი, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან და ბრალდებულთან ერთად სასადილოდ იმყოფებოდა.
"დღეს დაიკითხა 4 მოწმე, მძღოლი და 3 არასრულწლოვანი. პირველმა 11 წლის მოწმემ განაცხადა რომ მოკლული მას მაღაზიაში გაეცნო და ლიმონათი უყიდა. ხოლო შემდეგ პარკში ყოფნისას მას 5 ლარი აჩუქა. ასევე დაიკითხა პირველი მოწმის ძმა რომელსაც 50 წლის კაცმა შესთავაზა მასთან დასაქმება 3 დღით. მესამე არასრულწლოვანი მოწმე აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს ტანსაცმლის გამოსაცვლელად იყვნენ მოკლულთან სახლში მისულები. სახლში ყოფნისას კი კაცმა თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ უნდა დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. ჩემ კითხვაზე, რომ დასაქმებულ დროის პერიოდში რა მომენტში დაარტყი ხელი პედოფილ მოძალადეს მესამე მოწმემ მიპასუხა რომ კაცმა მუშაობისას სცადა მასთან შეხება, არაკომფორტულად იგრძნო თავი და მაგ მომენტში დაარტყა მას. მოწმემ ასევე დაადასტურა რომ მოკლული ბრალდებულს ჰპირდებოდა სახლში გოგოების მიყვანას. მეოთხე მოწმე მძღოლია ვინც მიიყვანა ეს კაცი და ბიჭები რესტორანში და მათთან ერთად მიირთვა. მძღოლი ამბობს რომ არ ახსოვს თუ რაზე საუბრობდნენ მოკლული და არასრულწლოვანი ბიჭები სადილისას.
წინა პროცესზე არ დაგვიყენებია შუამდგომლობა და შემდეგ პროცესზე უკვე დავაყენებთ 50 000 ლარის ოდენობის. ",- გვითხრა ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, ალი ბადიროვმა.
პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა და ადვოკატს შუამდგომლობა არ დაუყენებია.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 5 ივნისს დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა. 16 წლის ბიჭმა 50 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციას დაურეკა, დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს ჩაბარდა. არასრულწლოვანმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მოკლულმა მას თავისუფლება აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.