ტეხასში, მიგრანტების თავშესაფართან ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა [video]

2023-05-08 11:24:00

აშშ-ის ტეხასის შტატში, უსახლკაროთა და მიგრანტთა თავშესაფართან ახლოს, ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს დაეჯახა, რის შედეგადაც 8 მათგანი დაიღუპა. [ვიდეო/video]

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბრაუნსვილში მოხდა.

7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მერვე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

ჰოსპიტალიზებულია კიდევ 9 დაშავებული, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

მძღოლი დაკავებულია. ბრაუნსვილის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული განზრახ. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა.

გამოძიება დაწყებულია და მასში გამოძიების ფედერალური ბიუროცაა ჩართული. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის რამდენიმე მიგრანტია, სასაზღვრო პატრული მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები