ერდოღანი მინიმალურ საპენსიო ასაკს აუქმებს

2023-01-04 11:11:24

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განკარგულებით, მინიმალური საპენსიო ასაკი უქმდება.

ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ახალი კანონის ამოქმედებამდე ქვეყანაში საპენსიო ასაკად ქალებისთვის 58 წელი იყო განსაზღვრული, ხოლო კაცებისთვის - 60 წელი.

აღნიშნული განკარგულების ამოქმედების შემდეგ კი, სახელმწიფო პენსიის მიღებას შეძლებს ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც მუშაობა 1999 წლის სექტემბრამდე დაიწყო და საერთო ჯამში მინიმუმ 20 წლის სამუშაო სტაჟი აქვს დაგროვილი.

ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნულ კრიტერიუმს ამჟამად დაახლოებით 2.3 მილიონი მოქალაქე აკმაყოფილებს და იმ შემთხვევაში თუ ყოველი მათგანი გამოთქვამს პენსიის მიღების სურვილს, მაშინ 2023 წელს საპენსიო ხარჯები 13.4 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ხარჯები ყოველწლიურად მზარდი იქნება, რადგან სულ უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს კანონით გაწერილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და, შესაბამისად, სოციალური დახმარების მოთხოვნას.