კაცმა მგზავრებიანი ავტობუსი გაიტაცა

2022-12-16 23:51:44

ადვოკატის ინფორმაციით, ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მგზავრებიანი ავტობუსი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, პირი საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. 

დაკავებულის ინტერესს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე იცავს. მომხდარის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"მოკლედ, ვინ არ დამიცავს, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები დაა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არა თუ არ მქონია, ასეთი რამ არც კი გამიგია.

ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.

ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი," - წერს არჩილ ნიჟარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. მამაკაცი უკვე დაკავებულია.