სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა მსვლელობა -"დამოუკიდებლობის მარში" გორიდან დაიწყო, ამჟამად კი რუსთავში იმყოფება.
აქცია-მსვლელობით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაპროტესტებას გიგა საქართველოს 50-მდე ქალაქში აპირებს.
რუსთავი, რიგით მეშვიდე ქალაქია, რომელიც აქტივისტმა, საქართველოს დროშით, ფეხით მოიარა.
"ფანტასტიკური მუხლი მოდის ხალხისგან. ბევრი მიერთდება, ზოგი 1-2 საათით, ზოგი მთელი ღამით, ზოგი კი 2 დღითაც კი. მთავარი, რაც მაჩვენა განვლილმა ამ 12-მა დღემ და წინა მსვლელობამაც, რომ ხალხში არაა დაკარგული ეს მუხტი და უბრალოდ გაღვივება სჭირდება. ერთ დღესაც შეიძლება ამ "მარტივი" სიარულით და არ გაჩერებით, იმდენი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში, რომ უბრალოთ მავთულხლართებმა ვეღარ გააჩეროს ეს ძალა. მჯერა, რომ უბრალო ადამიანების ჩართულობა არის გადამწყვეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო ვერ ახერხებს დეოკუპაციის პროცესის დაძვრას"- განაცხადა, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა
გიგას თქმით, მან ფეხით 346 კმ. უკვე გაიარა და დაახლოებით 1250 კმ. კიდევ უნდა გაიაროს.
აქტივისტმა მსვლელობა სიმბოლურად 9 აპრილს თავისუფლების იდეისთვის დაღუპული გმირების ხსოვნისთვის დაიწყო და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მესტიაში დაასრულებს.