"არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ამინდში მოგვიწევს ბრძოლა"

2019-04-19 20:02:12

რუსთავში, იუსტიციის სახლთან სლოგანით "არა ციხეს" მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობის შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"ხედავთ როგორი ამინდია, თუმცა ადგილობრივები მაინც გამოვიდნენ დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში საპყრობილის მშენებლობის გასაპროტესტებლად. ასევე ჩვენ მოვაწყვეთ, 5 საათიანი მსვლელობა კვირას, რომელიც მიმდინარეობდა გაუსაძლის სიცხეში და ვფიქრობ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორ ამინდში მოგვიწევს ბრძოლა", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გზირიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთავში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები 2 კვირაა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ამ დროის განმავლობაში მშენებარე ციხის წინ კარვები გაშალეს, მოაწყვეს 5 საათიანი საპროტესტო მსვლელობა ქალაქის მასშტაბით და გზა გადაკეტეს.

აქტივისტები აქციების გაგრძელებასა და პროტესტისთვის უფრო მასშტაბური ფორმის მიცემას აანონსებენ.