"უფროსობამ გაგვაფრთხილა არ მოგვეწერა"

2019-04-22 00:49:04

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელში მომხმარებელმა მარიამ გვალიამ ვიდეომიმართვა სახელწოდებით "არამონობას" გაავრცელა და ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობის პერიოდში მისი, როგორც დასაქმებულის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ამავე სახელწოდების ღია გვერდიც გამოჩნდა.

ფეისბუქ გვერდზე საქართველოს მასშტაბით მომსახურების სფეროში დასაქმებულები, სფეროს მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები არიან გაერთიანებულნი და ერთმანეთს მწარე სამუშაო გამოცდილებას უზიარებენ. რჩევებს ცვლიან იმის შესახებ, რომ გაჩუმება და მოთმენა არ ღირს მაშინ, როდესაც დასაქმებულის უფლებები უხეშად ირღვევა.

გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნდა. წერილის ავტორი ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

“გწერთ ანონიმურად რადგან მეც და ჩემს თანამშომლებს გვეშინია სამსახურის დაკარგვა. მას შემდეგ რაც ეს ჯგუფი შეიქმნა უფროსობამ გაგვაფრთხილა რომ არ მოგვეწერა და არ დაგველაიქებია არცერთი პოსტი. ჩვენც მად ვართ და თუ ვინმეს ვნახავთ გაგიშვებთო. ამიტომ ბევრი ჯერ კიდევ ხმას ვერ იღებს და ამიტო გწერთ ყალბი პროფილიდან. ვმუშაობ ერთ ერთ ცნობილ ქსელში მოლარე კონსულტანტად. მენეჯერი სასტიკად გვეპყრობა ერთი თვის წინ დედა მყავდა ცუდად დამირეკეს საავადმყოფოდან ამ ქალმა კიდე არ გამიშვა სალაროსთან მე ხო არ დავჯდებიო. დილით კამერებში ამოწმებს დავალაგე თუ არა ტვალეტი თუ დაგვავიწყდა 20 ლარს გვაჭრის. ერთი გოგო იმიტომ გაუშვა რომ ღამე ჩაეძინა და თავზე კლიენტი დაადგა და გააღვიძა.ყველანაირად გვამცირებენ. ხაზში გვაიძულებენ ძველი სოსისები წყალში ჩავდოთ რომ ახლის იერი ქონდეს და გაიყიდოს. ასევე თევზებს ლაბი რომ აქ უკვე გვარეცხინებენ. ასე უსასრულოდ შემიძლია გავიხსენო. ხო კიდე კონკრეტულად ჩვენ ფილიალში სულ ახალი კადრები ყავთ არავინ ჩერდება. კადრი რო აკლიათ ღამენათევი შეიძლება საღამოს 6 საათამდე გაგვაჩერონ. ამის გამო ხელფასს არ გვიმატებენ. გაურკველი დანაკლისების გამო სულ გვაკლებენ ხელფასს. ხმას თუ ამოიღებ გეუბნებიან წადიო. წასასვლელი არ გვაქ ყველგან ასეა. მე ავადმყოფი დედა მყავს და რო არ ვიმუშაო იმ ელემენტარულითაც ვერ დავეხმარები. 21 წლის ვარ და უკვე თიაქარი მაქ ხერხემლის ამდენი მძიმე შეკვრების თრევით.არ მესმის ასე რატომ გვექცევიან. გთხოვთ გამოაქვეყნეთ გაიგოს ხალხმა მაღაზიაში რომ შემოდიან და გვეჩხუბებინ რა სახით ხართო რა დღეში გვამყოფებენ.როგორ გავიღიმოთ როცა ცხოველებივით გვექცევიან.”

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" მიერ მომზადეული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.