რა ხდება რუსთავის სუპერმარკეტებში

2019-03-20 14:52:27

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი მომსახურების სფეროშია დასაქმებული, სადაც სამუშაო პირობები შესაძლოა იმაზე უფრო მძიმე და უსამართლოა, ვიდრე ამის შესახებ წარმოდგენა მოსახლეობას, ან თავად დასაქმებულებს აქვთ.

ირღვევა თუ არა შრომითი უფლებები მომსახურების სფეროში დასაქმებულთა მიმართ და რა არის შენი შრომითი უფლება? ამის შესახებ ცნობიერება საზოგადოებაში ძალიან დაბალია.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მომხმარებელმა მარიამ გვალიამ ვიდეომიმართვა სახელწოდებით "არამონობას" გაავრცელა, რომელშიც ერთ-ერთი სუპერმარკეტის ყოფილი თანამშრომელი სამუშაო პერიოდში საკუთარი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელთა კომენტარებიდან გაირკვა, საქართველოში არსებულ სხვადასხვა სუპერმარკეტში მომუშავე ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ანალოგიური პრობლემები აქვს.

"ინფო რუსთავი" სხვადასხვა სუპერმარკეტში დასაქმებულ რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა და სამუშაო პირობების შესახებ მათ კითხვები დაუსვა.

აღმოჩნდა, რომ რუსთავში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ამჯობინებს ანონიმურად დარჩეს, თუმცა ისინი იმ მძიმე შრომით პირობებზე სააგენტოსთან მაინც საუბრობენ, რომელიც დღეისათვის საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ჩვენს ქალაქშიც, სუპერმარკეტების სხვადასხვა ქსელში არსებობს.

მათი მონათხრობიდან გამომდინარე, სუპერმარკეტებში სამუშაო დროის საშუალო მაჩვენებელი კვირის განმავლობაში 60 საათია. როგორც დასაქმებულები ყვებიან, სათავო ოფისში დადებული შეთანხმებისგან განსხვავებულია ის რეალობა, რომელსაც უკვე მენეჯერები სამუშაო ადგილზე გახვედრებენ. მათი თქმით, დასაქმებული, რომელიც კონსულტანტის პოზიციაზე იწყებს მუშაობას, ვალდებულია მენეჯერის მოთხოვნიდან გამომდინარე შეითავსოს მოლარის, მტვირთავის, დარბაზის პროდუქტებით მომმარაგებლის, საკვებ პროდუქტებზე ვადების შემმოწმებლის, შესაძლოა საწყობში მუშისა და დამლაგებლის ფუნქციებიც კი, საშუალო ანაზღაურება კი თვეში ასეთ პირობებში დასაქმებულთათვის 250-300 ლარია.

მიმართავენ თუ არა პროფკავშირებს სხვადასხვა სუპერმარკეტებში დასაქმებული ადამიანები შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და რაშია პრობლემის აღმოფხვრის გზა,"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის აგრარული მეურნეუბის და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარეს, გიორგი დიასამს დაუკავშირდა.

როგორც გიორგი დიასამმა აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ხშირ შემთხვევაში რუსთავიდან, ჩვენს ქვეყანაში არსებულ უკლებლივ ყველა სუპერმარკეტის ქსელიდან მიმართავენ მას დაზრალებული დასაქმებულები, თუმცა საბოლოო ჯამში დასაქმებულებს ჩივილი არ სურთ.

"უკანონოდ გამოწერილი ჯარიმები, შვებულების არ ქონა, ანაზღაურებადი ბიულეტენის არ ქონა, ზეგანაკვეთური შრომის არ ანაზღაურება, 2 და 3 ადამიანის შესასრულებელი სამუშაოს 1 ადამიანისთვის დაკისრება - ეს არის ის დარღვევები, რომლებიც თითქმის ყველა ქსელში ფიქსირდება. შრომითი კოდექსის შესაბამისად, 40 საათზე მეტს თუ მუშაობს დასაქმებული კვირაში, მას ეკუთვნის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით. ამ შემთხვევაში არანაირი ანაზღაურება არ ხდება, ზოგი კვირაში 70-77 საათს მუშაობს, თუმცა არავინ არ უნაზღაურებს ამას. გარდა ამისა, თუ პროდუქტი გაფუჭდება, მოიპარავენ ან დაზიანდება, კოლექტიურად ყველა თანამშრომელზე ხდება ხელფასის დაქვითვა, რაც კანონის შესაბამისად დაუშვებელია. თუ ვინმესთვის ჯარიმის დაკისრება უნდათ, ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, ვისი ბრალეულობის საკითხის დაყენებაა საჭირო და კოლექტიურად ყველა არ უნდა დაისაჯოს", - აცხადებს გიორგი დიასამი.

როგორც დიასამმა აღნიშნა, მათი მხრიდან სუპერმარკეტების გაფრთხილება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ დიასამის თქმით, ისინი კანონდარღვევას გააგრძელებენ, თუ უშუალოდ დასაქმებულები არ გახდებიან მეტად ორგანიზებულები.

"მათი ორგანიზება და პროფკავშირის შექმნაა ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ორგანიზაციამ სამართლებრივად ედავოს დამსაქმებლებს, თუმცა ვაწყდებით პრობლემას, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერმარკეტში დასაქმებულთა 98% 18-დან 30 წლამდე ადამიანია, ისინი ამ სამსახურს არ აღიქვამენ, როგორც მუდმივ სამუშაო ადგილს, ან არის მეორე ვარიანტი, მძიმე სამუშაო პირობების გამო მალევე ტოვებენ სამსახურს, ამიტომაც საქმეების ბოლომდე მიყვანა ვერ ხერხდება", - აცხადებს გიორგი დიასამი.

აგრარული მეურნეუბის და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე ნებისმიერი სახის სამართლებრივი დავის წარმოებაა შესაძლებელი, მაგრამ დასაქმებულებს ჩივილი არ სურთ, რადგანაც მათ სამსახურიდან გათავისუფლების ეშინიათ.  პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუპერმარკეტების ქსელებს შორის შესაძლოა შეთანხმება მიდიოდეს და დასაქმებულები შიშობენ, რომელიმე ქსელიდან წამოსულ თანამშრომელს სხვა ქსელებისთვისაც არ დაეკეტოს კარი. 

 

ავტორი: თამუნა გაჩეჩილაძე

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები