ჩიქოვანი VS წულუკიანი [VIDEO]

2019-03-23 00:10:11

"სახელი რუსთავი თქვენთვის რასთან ასოცირდება მინდა გავიგო, საუბარი მაქვს ქალაქ რუსთავზე. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ციხეების ქალაქი და არც ციხე-ქალაქია", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტში იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. [ვიდეო/video]

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ შენდება რუსთავში კონკრეტულად იმ ლოკაციაზე პენიტენციალური დაწესებულება, რომელიც რუსთავის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს და ამასთან დასახლებული პუნქტია.

"ფუნქციონალურად კოლონიებით ქალაქის დატვირთვა მომხიბვლელი ნამდვილად არ არის. დასახლებული პუნქტიდან შედარებით მოშორებით არის ქალთა კოლონია, მიმდებარედ კი საკმაოდ დიდი თავისუფალი ტერიტორიაა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული. თუ მაინცდამაინც რუსთავში უნდა აშენებულიყო ახალი ციხე, რატომ არა ამ ტერიტორიაზე, მის მიმდებარედ, ან ვთქვათ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით. ჭყონდიდელის დასახლებაში შენდება ახალი ციხე, უბანში, რომელიც არის რუსთავის ისტორია და პირველი დასახლება. წესით გონიერი ხელისუფალი ამ ძველი უბნის რეაბილიტაციით უნდა იყოს დაკავებული. სამწუხაროდ არც ადგილზე და არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე გონიერ გადაწყვეტილებებთან არ გვაქვს საქმე", - განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პენიტენციალური დაწესებულებების აშენება რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მავნებლური გადაწყვეტილებაა ქალაქისთვის, რომელიც კლავს ამ მიმართულებით ტერიტორიული განვითარების ხვალინდელ პერსპექტივას.

საუბრის ბოლოს დეპუტატმა იუსტიციის მინისტრს რამდენიმე კონკრეტული კითხვა დაუსვა. მამუკა ჩიქოვანმა თეა წულუკიანს ჰკითხა, თუ რა ტიპის პენიტენციალური დაწესებულება შენდება რუსთავში, ვისთვის შენდება, ვინ განთავსდება და საიდან მოხდება პატიმრების გადმოყვანა. ბოლოს კი ჩიქოვანმა წულუკიანს ჰკითხა, რატომ გახდა აუცილებელი ამ პროექტის განხორციელება კონკრეტულად რუსთავში.

"არაფერი არ ინგრევა, შენდება", - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა მამუკა ჩიქოვანს. თეა წულუკიანმა ჩიქოვანის საპასუხო გამოსვლაში განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც საპატიმროები შენდება, რამდენიმე 10 ჰექტარის მოცულობის ცარიელი მიწაა და იქ სარეაბილიტაციო არაფერია.მინისტრმა დეპუტატს ტერიტორიის მონახულებაც კი ურჩია და პენიტენციური დაწესებულების მშენებლობასტან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი განუმარტა.

"მინდა ვუპასუხო რუსთაველების წუხილს და ვთქვა, რომ აქ შეიქმნება 600 სამუშაო ადგილი, ეს ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში არ არის ცოტა. თანაც, ის რაც აქამდე იშვიათად ხდებოდა, იქნება წესი, ღია კონკურსით შეირჩევიან დასასაქმებელი ადამიანები", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, ახალ დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანა ისევ რუსთავში არსებული საპატიმროებიდან მოხდება. მისი თქმით, ის გულწრფელია განზრახვაში,ამ მშენებლობით რუსთავს და რუსთაველებს გაუჩინოს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები