საშიში პარაზიტული დაავადება ამერიკაში

2018-08-24 13:26:01

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ამერიკაში საშიში პარაზიტული დაავადება Chaga ვრცელდება, რომელიც ხოჭო „kissing bug”-ს გადააქვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამერიკის გულის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში Chaga-თი უკვე 300 000 ადამიანია დაავადებული.

Chaga-ს დაავადება მწერს გადააქვს, რომელიც “kissing bug”-ის სახელითაა ცნობილი. ხოჭოს ეს სახეობა ადამიანებს ძირითადად სახეზე, ტუჩისა და თვალების მიდამოებში კბენს, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. დაინფიცირებისას, ხშირ შემთხვევაში, არანაირი ხილული ნიშნები და სიმპტომები არ ვლინდება, რის გამოც ხოჭოს ამ სახეობას „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ. ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, ხოჭოები ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, თუმცა დაავადების შემთხვევები შტატებში, კანადაში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაშიც ფიქსირდება. ინფექცია უფრო მეტად სამხრეთის შტატებში, მათ შორის ფლორიდაში, ტეხასში და ჯორჯიაშია გავრცელებული.

Chaga-ს დაავადება ორი - მწვავე და ქრონიკული ფაზებისგან შედგება. დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, პირველი ფაზა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გამომწვევები სისხლში დიდი რაოდენობით ცირკულირებენ, სიმპტომები ძალიან მსუბუქია ან საერთოდ არ შეიმჩნევა. აღნიშნული სიმპტომები მოიცავს სიცხეს, თავის ტკივილს, დაღლილობას, გამონაყარს ან შეშუპებას ნაკბენთან ახლოს ან იქ, სადაც დაავადების გადამტანი ხოჭოს ფეკალიები მოხვდა. ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, არსებობს ანტიპარაზიტული მედიკამენტები, რომლებიც Chaga-ს დაავადებას პირველ ფაზაში წარმატებულად უმკლავდებიან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაავადების მკურნალობა დროულად არ მოხდა, მან, შესაძლოა, გულის პრობლემები და უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, ამ დაავადების დიაგნოზირება სისხლის ანალიზითაა შესაძლებელი, ხოლო მკურნალობა ანტიპარაზიტული მედიკამენტებით ხდება.

მავნე მწერებთან ბრძოლის სამსახური მოსახლეობას ურჩევს:

1.ამოავსონ ბზარები და ხვრელები ფანჯრების, კედლების, სახურავებისა და კარების მახლობლად. ასევე სხვენისა და სარდაფის ტერიტორიაზე.

2.გაიტანონ სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო მასალები.

3.გამოიყენონ მწერებისგან დამცავი ბადეები და ფარდები.

4.დარწმუნდნენ, რომ ეზოს განათება სახლთან ძალიან ახლოს არ არის. (რადგან განათება ხოჭოებს იზიდავს).

5.ხშირად დაასუფთავონ ცხოველებისთვის განკუთვნილი ადგილები და პერიოდულად შეამოწმონ არის თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხოჭო.