"შვებულებაში გასვლის დროს მინდობილი ავტომანქანების დაწესებულებისთვის ჩაბარება არ ხდებოდა"

2025-04-14 14:52:59

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სისტემური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აუდიტი საუბრობს დარღვევებზე, რომელიც რწმუნებულების ადმინისტრაციაში აღმოაჩინეს, მათ შორისაა ქვემო ქართლის სახელმწიფო წრმუნებულის ადმინისტრაციაც.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, კიდევ სხვა 4 რეგიონის ადმინისტრაციასთან ერთად, ანაზღაურებდა თანამშრომლების პირადი ავტომობილების საწვავის ხარჯებს სათანადო დასაბუთების გარეშე, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გამოყენების რისკს შეიცავს.

"საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მივლინების ბრძანების გარეშე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საზღვრებს გარეთ ჯამურად 80,824 ლარის ღირებულების, 30,564 ლიტრი საწვავია დახარჯული;

ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში მოხელეთა შვებულებაში გასვლის დროს მინდობილი ავტომანქანების დაწესებულებისთვის ჩაბარება არ ხდებოდა. შედეგად, შვებულების დროს, მინდობილ (გაპიროვნებულ) ავტომანქანებში 2021-2022 წლებში სულ ჩასხმულია 3,128 ლიტრი საწვავი, ღირებულებით − 8,526 ლარი;

აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.