სვანეთში ორი დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. დაკარგულებთან კომუნიკაცია ბოლოს 22 ივლის შედგა, ისინი ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, უღელტეხილზე ორ მამაკაცს ორშაბათს შეხვდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლენტეხის მიმართულებით მიდიოდნენ.
"შემხვდნენ ჭიშკართან. ვკითხე სად მიდიხართ-მეთქი და მიპასუხეს ქვემო სვანეთში უნდა ჩავიდეთო. ორშაბათს მიდიოდნენ, მეხუთე თუ მეექვსე დღეა უკვე. არაფერი უთხოვიათ, მიდიოდნენ, გზაში შემხვდნენ", - განაცხადა თვითმხილველმა.
ადგილზე იმყოფება "ხალხის ძალის" წევრი, ვიქტორ ჯაფარიძეც. მისი თქმით, ბოლოს, მათ მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარი, ლენტეხის მხარეს დაფიქსირდა.
"დილიდან, 06:30 საათიდან ჩართულია ვერტმფრენი. რაჭისა და მესტიის სამაშველო სამსახური, მოსახლეობა - ყველა წასულია, შედეგი სანამ არ დადგება, არავინ გაჩერდება.
ბოლო წერტილი სადაც დაფიქსირდა, რომ სატელეფონო ზარი განხორციელდა, რუკიდან ჩანს, რომ ეს არის ლენტეხის მხარეს", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.