"ბრძოლა მორჩა პროტესტით, როგორც მსაჯების, ასევე ორგანიზაციის მიმართაც"

2024-04-29 11:50:28

სერბეთში მიმდინარე კრივის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში რუსთაველმა მოკრივემ ლაშა გურულმა მესამე რაუნდი პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, მიზეზი რუს თარხან იდიგოვთან ჩატარებული პირველი ორი რაუნდის დროს მსაჯების მიერ მიღებული არაობიექტური გადაწყვეტილებები გახდა.

ლაშა გურულის თქმით, პირველი ორი რაუნდი მისი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსაჯებმა გამარჯვება რუს მებრძოლს ჩაუთვალეს.

"ბრძოლა მორჩა პროტესტით, როგორც მსაჯების, ასევე ორგანიზაციის მიმართაც. ამ ორგანიზაციას პრობლემები ოლიმპიურ კომიტეტთან.

ეს ორგანიზაცია ვერ იღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ჩამორთმეული აქვს სტატუსი კორუფციის გამო.

ისე მოხდა, რომ პირველი რაუნდი ცალკარა მოვიგე, შორი დისტანციიდან ვიმუშავე, შესაბამისად დარტყმების გაცვლა არ იყო და იყო ცალკარა. რაუნდი დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ვარიანტში ჩემი იქნებოდა, კორუფციის მიუხედავადაც, მაგრამ კუთხეში რომ მივედი, მითხრეს რომ რაუნდი 4:1 იქით წავიდა. რა თქმა უნდა, მომიწია მეორე რაუნდში სტრატეგიის შეცვლა, რომელიც ჩემი კრივი არ იყო, მაგრამ წავედი დარტყმებზე. მეორე რაუნდი იყო, ასე ვთვლი, 2 წუთი ჩემს სასარგებლოდ და მესამე წუთი თანაბარი, ვთვლი, რომ მეორე რაუნდიც გავიმარჯვე, იყო დარტყმების გაცვლა, პირველთან შედარებით. რომ დავჯექი კუთხეში, ხუთივე მსაჯმა ერთიანად მიიღეს გადაწყვეტილება და რაუნდი ისევ იქით წავიდა. აშკარა კორუფციის მომენტი იყო. ჩვენც მწვრთნელებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ორგანიზაციისთვის გაგვეპროტესტებინა. ამას უყურებენ კომისიები, დამკვირვებლები და ესენი იმიტომ არიან აქ, რომ ორგანიზაციამ დაიბრუნოს სტატუსი ოლიმპიური თამაშებისთვის. ეს პროტესტი მხოლოდ ჩემთვის არ იყო, ეს იყო ყველა სპორტსმენისთვის, რომელიც ამ კორუფციაში ხვდება ხოლმე.

ჩვენთან ხშირად არის ხოლმე მსგავსი კორუფცია და ბრძოლების წართმევა, ზუსტად ამიტომაა ოლიმპიური თამაშებიდან კრივი ამოღებული. შედეგის გასაჩივრება არ შეიძლება, იყო რაღაც პერიოდი არ შეიძლებოდა, შემდეგ ერთი წელი შემოიღეს და მერე ისევ ამოიღეს ეს წესი. გასაჩივრება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბრძოლას არ შევწყვეტდი, გავაგრძელებდი და ბოლომდე მივიყვანდი და შემდეგ უკვე გავაპროტესტებდით.

კრივის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი არის რუსი. რუსები სანქციების გამო არ არიან დაშვებული ბევრ სპორტში, ზოგში არიან და დროშისა და ჰიმნის გარეშე. რადგან პრეზიდენტი არის რუსი მან დაუშვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე დროშითა და ჰიმნით, პრეზიდენტი არის გაზპრომის ერთ-ერთი მეწილე, სწორედ გაზპრომია ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დიდი სპონსორი.

ბრძოლის მერე გავიგე, რომ რუსი მებრძოლის დელეგაციის წევრები ჩვენთან მოსულან და ფული შემოუთავაზებიათ, დაასახელეთ თანხა, გურულს რამდენი უნდაო. რა თქმა უნდა, ეს ვინც იცოდა, ჩემამდე არ მოიტანდა მაგ ამბავს, არც მაკადრებდა. დელეგაციამ როდესაც უარი უთხრა, შემდეგ ჩვენი ნაკრების სპორტსმენთან მივიდნენ და იმას ცალკე შესთავაზეს, რომ ჩემთვის გადმოეცა და დამესახელებინა თანხა. საბოლოოდ სიტყვები დატოვეს, რომ ბრძოლას მაინც არ გაგატანოთ. ეს იყო ფინალის დაწყებამდე",- განგვიცხადა ლაშა გურულმა.

მატჩის მერე ლაშა გურულმა რუს მეტოქე ტარგან იდიგოვთან ფოტოს გადაღებაზეც უარი თქვა.

ფინალური ბრძოლის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გურული ავტომატურად ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები