რუსთავში საფეხბურთო სკოლა "ფენიქსი" ვარჯიშებს სხვა მოედანზე გააგრძელებს [video]

2024-04-11 15:56:27

რუსთავში საფეხბურთო სკოლა "ფენიქსი" ვარჯიშებს სხვა მოედანზე გააგრძელებს.

გუნდი 2021 წლიდან მოყოლებული ვარჯიშებს მე-19 მიკრორაიონში მე-10 სკოლის ტერიტორიაზე მდებარე სპორტულ მოედანზე ატარებდა, რომელიც განათლების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და ყოველწლიურად მასზე აუქციონი ცხადდებოდა.

აუქციონში საფეხბურთო გუნდის "ფენიქსის" დამფუძნებლები მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ კიდეც.

წელს, როდესაც ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა და მოედანზე ხელახლა გამოცხადდა აუქციონი, "ფენიქსის" დამფუძნებლების განცხადებით, ბოლო წუთს, მათთან ერთად მასში მონაწილეობა სხვა პირებმაც მიიღეს.

"პრობლემა შეგვექმნა სტადიონთან დაკავშირებით, რასაც ხედავთ ადრე სულ სხვა მდგომარეობაში იყო. მშობლებთან ერთად, ხალიჩა ნინო ლაცაბიძემ შეგვიცვალა, განათება, ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ. პრობლემა არის ის, რომ ეს სტადიონი აუქციონზე წავაგეთ.

სამი წელია ჩვენ გვაქვს ეს სტადიონი. ზედიზედ სამი წელი ჩვენ ვიგებდით ამ სტადიონს. ახლა ისეთი რაღაც მოხდა, რომ ყურადღება აღარ მიგვიქცევია, ორი წუთი იყო დარჩენილი და ერთ-ერთმა პიროვნებამ 10 ლარით მეტი თანხა შეიტანა და ავტომატურად მოიგო იჯარა. სრულებით მართალია კანონით, მაგრამ კანონგარეშე არის ადამიანობა, კოლეგიალობა, მეგობრობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ბავშვები დატოვა სტადიონის გარეშე და შესაბამისად ყველა დაუპირისპირდა ამ კუთხით, ოღონდ კანონიერი გზით. უბრალოდ მორალია ადამიანური, რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ და ერთ საქმეს ვემსახურებით, აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ ერთმანეთი საქმის კურსში და გაიმარჯვოს იმან, ვინც ძლიერია, თანხის კუთხით. ჩვენ არ ვიცოდით ეს, აქედან გამომდინარე მართლები ვართ, ოღონდ, როგორც ადამიანები.

კანონის ფარგლებში ეს სტადიონი დავთმეთ. ქალბატონმა ნინო ლაცაბიძემ ჩვენთვის მოულოდნელად გვთხოვა შეკრება და გვამცნო, რომ აქ სტადიონი აშენდება და ეს სტადიონი ექნებათ ბავშვებს და იქნება ჩვენს სარგებლობაში , ოღონდ ყველაფერი იქნება კანონიერად",- განაცხადეს გიორგი კობაძემ და გიორგი ბიძინაშვილმა.

"ფენიქსი" ამ ეტაპზე ვარჯიშებს ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე გააგრძელებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა აუქციონში გამარჯვებულ ლაზარე ხოფერიას, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მან საფეხბურთო სკოლა "ფენიქსის" დამფუძნებლებს მოედანზე ვარჯიშების გაგრძელება შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

"როგორც თქვეს ისე არ იყო რეალურად. მე მინდოდა მოლაპარაკებაზე წასვლა და იმ ბავშვებს ქუჩაში არავინ არ ყრიდა. ჩვენ მოედანს ვუტოვებდით ჩვეულებრივად, უბრალოდ უფროსები ვეღარ იქნებოდნენ. რასაც მშობლები ითხოვდნენ, იმას ვასრულებდით, მწვრთნელებს გიორგი ბიძინაშვილსა და გიორგი კობაძეს ევარჯიშებინათ თავიანთი ბავშვები. ერთი წლის განმავლობაში რაღაც თანხის საფასურად ვაქირავებდით მოედანს  და გუნდს ჩვეულებრივ შეეძლო ევარჯიშა.

მათ უნდოდათ, რომ სტადიონი თავიანთი ყოფილიყო და ძირითადი აქცენტი ჰქონდათ, რომ ამ სტადიონს გვაკარგვინებენო, რეალურად ეგრე არ იყო. თვითონ როგორც გაავრცელეს, ხალხსაც ეგრე სჯერა.

სტადიონზე ვაპირებ ბევრად უკეთესი პირობების შექმნას და ბევრად შეღავათიან ფასად. ვაპირებ გუნდის გაკეთებას.  ვინც მე-10 საჯარო სკოლაში დადის, იმ ბავშვებს შეღავათს გავუკეთებთ, ასევე სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვებსაც",- განგვიცხადა ლაზარე ხოფერიამ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები