რუსთავში 12 წლის გოგონამ 40 წლის კაცის მიერ მასზე განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გამოძიებას მტკიცებულების სახით აქვს ხმის ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ესაუბრება 40 წლამდე მამაკაცი მოზარდს სექსუალური შინაარსის თემებზე.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში არასრულწლოვან გოგონას მისი ზრდასრული მეზობელი კაცი სექსუალურად ავიწროებდა.
არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოტყუებით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და ინტიმურ ადგილებზე შეეხო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებული ბავშვს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ შეხვდა და გარყვნილი ხასიათის ქმედება ამჯერად ფულის სანაცვლოდ შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
სკოლაში სადაც არასრულწლოვანი სწავლობს, "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ, მათ ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც 12 წლის მოზარდის მშობელმა მიაწოდა ინფორმაცია.
"ჩვენ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ მომხდარიდან მეორე დღეს, როდესაც მშობელმა შეგვატყობინა. როგორც კი მშობელმა შეგვატყობინა დავინტერესდით პოლიციით და ის უკვე ჩართული იყო ამ საქმეში, პიროვნება დაკავებული იყო. ჩვენი მხრიდან მანდატურის სამსახური ჩავაყენეთ საქმეში, რა თქმა უნდა, განათლების რესურს ცენტრი. ბავშვს შევთავაზეთ მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგის დახმარება. ყველა პროცედურა გავიარეთ და ჩვენ თუ რაიმე შეგვეძლო ამ ბავშვს დავხმარებოდით და გვერდში დავდგომოდით ყველაფერი გავაკეთეთ".
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.