რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე 4 ადამიანის მკვლელობისა და 1-ის დაჭრის მოტივი ერთ-ერთ მოკლულსა და მკვლელობისთვის ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტი გახდა.
ამის შესახებ საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში არაადეკვატური ხდებოდა, რა დროსაც შეურაცხყოფას აყენებდა არამარტო ოჯახის წევრებს, არამედ გარშემომყოფებსაც.
პროკურორის თქმით, სწორედ მისი სიმთვრალე გახდა მიზეზი, რომ ბრალდებულის ბიძამ, ნოდარ ორველაშვილმა ის სამსახურიდან დაითხოვა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ის მთვრალ მდგომარეობაში ხდებოდა არაადეკვატური და აყენებდა უმიზეზო შეურაცხყოფას როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებს და დადგენილია, რომ ახალწლამდე პერიოდში მას კონფლიქტი მოუხდა ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც ის გამყიდველად მუშაობდა ბაზარში. ამის შემდეგ ბიძამისმა დაითხოვა სამსახურიდან, წავიდა სოფელში. შემდგომ უკვე მოხდა ის, რაც მოხდა.
როგორც მოწმეები გვიყვებიან დაკითხვებში მან დახარჯა ე.წ. სავაჭრო თანხა, რომელიც ვაჭრობისთვის იყო განკუთვნილი. ეს იყო ძირითადი მოტივი, რის გამოც განაწყენდა ბიძა და გაუშვა სამსახურიდან",- განაცხადა ქეთევან სონიძემ.
შემთხვევის დროს დაიღუპა 4 ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა, ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე 4 ადამიანის მკვლელობისა და 1-ის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ, გიორგი ორველაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით სამ თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გიორგი ორველაშვილის ძმას, გოგიტა ორველაშვილსაც, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრობით შენახვას ედავება.