რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე პართენიშვილმა მე-20 სკოლის ყოფილი დირექტორი ირმა იჩქიტიძე უდანაშაულოდ ცნო.
ირმა იჩქიტიძეს, რომლის სასამართლო პროცესიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქმის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა განუცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დღევანდელ სხდომაზე მიღებული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომელიც გონივრული ეჭვის სტანდარტით ადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტს. დაიკითხა არაერთი პირდაპირი მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რითაც დგინდებოდა რომ ირმა იჩქიტიძემ ნამდვილად ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება. შესაბამისად, აღნიშნულ განაჩენს გავასაჩივრებთ კანონით დათქმულ ვადაში",- განაცხადა ქემაშვილმა.
ირმა იჩქიტიძის უფლებადამცველის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
"ორ წლიანი დაძაბული პროცესი დასრულდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის. ის სრულიად უდანაშაულო იყო და სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ის გამართლდა მისთვის წარდგენილ ბრალდებებში",- განაცხადა ირმა იჩქიტიძის უფლებადამცველმა მარიამ გოგორელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მე-20 სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა ირმა იჩქიტიძეს ბრალდების მხარე.