ძუძუს კიბო - გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე

2024-01-23 18:25:04

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა, დაავადება უმეტესწილად 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება.

კიბო ჩნდება მაშინ, როდესაც გენები მუტაციას განიცდის, რომლებიც უჯრედების ზრდას არეგულირებენ. მუტაციები საშუალებას აძლევს უჯრედებს, უკონტროლო გზით გაიყოს და გამრავლდეს. დაავადების სიმპტომებზე, ამოცნობისა და მკურნალობის გზებზე, ინფო რუსთავს რუსთავის ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის'' ონკოქირურგი - თინათინ დუნდუა ესაუბრა.

ონკოქირურგის თქმით, ყველა ქალბატონისთვის თვითგასინჯვა თვეში ერთხელ - აუცილებელია. ძუძუში არსებული ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ქალბატონმა დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოს.

''ძუძუში არსებული ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ეს იქნება კანზე სიწითლე, ანუ ჰიპერემია, დვრილიდან მუქი ფერის გამონადენი (ყავისფერი ან სისხლიანი), კანის გასქელება, ძუძუს ფორმის შეცვლა, ძუძუს დვრილის ჩაბრუნება, ძუძუში მკვრივი უბნის არსებობა, ძუძუში ან იღლიაში კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა - ნებისმიერი ამ სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სპეციალიზირებულ კლინიკას და ჩაიტაროს ონკომამოლოგის კონსულტაცია.'' - ამბობს თინათინ დუნდუა.

ონკოქირურგი ასევე მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ძუძუს კიბოთი დაავადების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, თუმცა ამავე დაავადებით სიკვდილიანობის რიცხვმა - იკლო. მისივე თქმით, საქართველოში კლინიკურ კვლევას ქალბატონების 40% იტარებს.

''საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, ქალბატონებს უჭირთ მისვლა სკრინინგის ჩასატარებლად, თუმცა არიან პაციენტები, რომლებიც მოგვმართავენ სხვადასხვა ჩივილებით და როდესაც ვეკითხებით, თუ კლინიკური კვლევა (მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, მამოლოგის კონსულტაცია) როდის აქვთ ჩატარებული, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ამბობენ, რომ საერთოდ არ ჩაუტარებიათ ან 10-15 წლის წინ აქვთ ჩატარებული. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით, თუ რამ შეუშალათ ხელი, მითუმეტეს, როცა ეს კვლევა უფასოა და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, პასუხი ყოველთვის არის, რომ ეშინიათ ან არ ნერვიულობენ, რაც საკმაოდ ცუდი შედეგის მომტანია. მსგავსი მიდგომა არასწორია.'' - აღნიშნავს ექიმი.

ექიმი ასევე პროფილაქტიკური კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისივე თქმით, დაავადების გართულების რისკების თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკური კვლევების, ონკომამოლოგის კონსულტაციის ჩატარება მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ონკოქირურგი ასევე გენეტიკური ფაქტორის მქონე ქალბატონებს მიმართავს.

''განსაკუთრებით გენეტიკური ფაქტორის მქონე ქალბატონები 40 წელს ზევით მუდმივად უნდა იტარებდნენ კონტროლს და ჩვენს ქვეყანაში 40-დან 50 წლამდე ეს ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, თუმცა რისკ-ფაქტორი ამ ასაკში უფრო მეტია, ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს სპეციალური სკრინინგ პროგრამები, სადაც ქალბატონს უფასოდ შეუძლია ჩაიტაროს ეს გამოკვლევები.'' - ამბობს თინათინ დუნდუა.

ექიმი ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის'' მიერ ჩატარებულ პროფილაქტიკურ კვლევებზე საუბრობს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ტარდება.

''საბედნიეროდ, ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი'' მთელი წლის მანძილზე, რუსთავისა და თბილისის მასშტაბით ატარებს პროფილაქტიკურ კვლევებს. ასევე ცენტრი ატარებს ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის უფასო კონსულტაციებს, პერიოდულად მთელი წლის მანძილზე, რომ მოვიზიდოთ ჩვენი ქალბატონები, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე'' - ამბობს ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის'' ონკოქირურგი თინათინ დუნდუა.