რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარს საწარმოს თანამშრომელი ემსხვერპლა.
55 წლამდე კაცის გარდაცვალება საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლელა ლუარსაბიშვილმაც დაუდასტურა.
"პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანავუგრძნობთ.
ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე ინახება ამორტიზებული ტექნიკაც. ერთ-ერთი ასეთი იყო ძველი ავტობუსის რკინის კარკასი, რომელშიც გაჩნდა ცეცხლი. ამ დროს ჩვენი თანამშრომელი იმყოფებოდა ამ ადგილას და ცეცხლს ემსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა მიზეზს დაადგენს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ლელა ლუარსაბიშვილმა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცეცხლი ელექტრო გამათბობლიდან გაჩნდა. ლელა ლუარსაბიშვილმა განგვიცხადა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა დენის წყარო არ არსებობს, ამიტომ ამ ვერსიას უარყოფენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.