იცოდი? - როდის აშენდა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდი

2023-12-29 21:10:47

იცოდი? - როდის აშენდა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი.

გაზეთი კომუნისტი 1947 წლის 15 ივლისის გამოცემაში წერს, რომ იმ პერიოდისთვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. აშენებული იყო ხიდის ბურჯებიც.

"მტკვირს მარჯვენა ნაპირზე, იალღუჯის მთის ძირში, დაიწყება ქალაქის მეორე ნაწილის მშენებლობა. ახლა შენდება ამ ორი ნაპირის შემაერთებელი ხიდი. მტკვრის მღელვარე ტალღები უკვე ბუზღუნით ეხეთქებიან მის გულში გოლიათებივით ჩამდგან ბურჯებს", - წერია გაზეთ კომუნისტში.


ხიდის მშენებლობა 1946 წელს უნდა დაწყებლიყო, როცა მარცხენა სანაპირო უკვე კარგად განაშენიანებული იყო და შეიძლება ითქვას ძირითადი ნაწილი აშენებული. როდესაც ქალაქის დაპროექტება მოხდა, 1945 წლის გათვლებით ქალაქში 30 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა, საიდანაც 10 000 ძველი რუსთავის ტერიტორიაზე მოდიოდა, დანარჩენი კი ახლის.

ცენტრალური ხიდის მშენებლობის პარალელურად მის გვერდზე ნავტიკებიანი ხიდი უკვე არსებობდა.

ხის კონსტრუქციები მტკვარზე განლაგებულ ნავებზე იყო გადებული. მაშინ, დროებით ამ ხიდს იყენებდნენ ორივე ნაპირის დასაკავშირებლად.


ცენტრალური ხიდის მშენებლობაში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან ჩამოყვანილი ტყვეები იყვნენ ჩართულები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები