საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს "რუსთავის წყალი" 40 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
სემეკის ცნობით, სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შპს "რუსთავის წყლის" ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში არღვევდა სემეკის მიერ დადგენილ წესებს. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურში კომპანია არ ითვალისწინებდა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს, რის გამოც მრიცხველის შეძენასა და მონტაჟს უზრუნველყოფდა განმცხადებელი საკუთარი ხარჯებით.
"სემეკის მიერ დადგენილი "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების" შესაბამისად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას. წესების მიხედვით, დაუშვებელია სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფისათვის მიერთების მსურველის მიერ რაიმე სახით სამუშაოების განხორციელება.
სემეკის გადაწყვეტილებით შპს "რუსთავის წყალს" დაევალა დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთანავე, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.