რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ მერიაში შეხვედრა გაიმართა. [ვიდეო/video]
კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ რუსთავის წყლის ხელმძღვანელის მოადგილესთან თემურ ჯანელიძესთან ერთად ქალაქის მერს, ნინო ლაცაბიძეს, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატსა და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორ გიგა ნადირაძეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ბაბუხადიამ განაცხადა, ეს წელი რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის იქნება გარდამტეხი, შესრულდება ბევრი სარეაბილიტაციო სამუშაო, რის გამოც ქალაქში იქნება წყლის წყვეტები.
"განვიხილეთ უკანასკენ პერიოდში განხორციელებული და წელს დაგეგმილი პროექტები. შარშანდელი წლის მეორე ნახევრიდან და წელს რუსთავში განხორციელდება უპრეცედენტო მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დღეს განვიხილეთ კონკრეტულად პროექტების მიხედვით რა სტადიაზე ვართ, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ.
რაც შეეხება წლევანდელ რუსთავის წყალმომარაგებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება წლის განმავლობაში და ამას მოსახლეობა თვითონ ნახავს. რაც შეეხება წყვეტებს, რეაბილიტაციის პროექტებს მოჰყვება, რა თქმა უნდა, წყვეტები, ოღონდ ეს არის წინასწარ დაგეგმილი სამუშაოები, რომლის შესახებაც მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული. ერთადერთი რაც შემიძლია ძალიან თამამად ვთქვა, არის ის რომ წლევანდელი წელი რუსთავის წყალმომარაგებისთვის იქნება გარდამტეხი, რადგან უპრეცედენტო რაოდენობის ქსელის რეაბილიტაციას განვახორციელებთ, რომელიც რადიკალურად დადებით შედეგს იქონიებს წყალმომარაგების თვალსაზრისით. წლის განმავლობაში, მინდა განვმეორდე, რომ იქნება წყვეტები, რომელიც ძირითადად ასოცირებულია სარეაბილიტაციო პროექტებთან, რომლის შესახებაც მოსახლეობა იქნება ძირითადად ინფორმირებული.
როგორც მოგეხსენებათ ქსელზე არის ჩამკეტი ურდულები იმისათვის, რომ როცაა არის დაზიანება, რაც შეიძლება ნაკლები ტერიტორიის უწყლოდ დატოვება მოხდეს. ეს ცალკე მიმდინარე პროექტია, ჩვენ შარშანაც და შარშანწინაც საკმაოდ მასიურად ვახორციელებდით ურდულების მონტაჟს და წელსაც არის დაგეგმილი დაახლოებით 200 ურდულზე მეტის დამონტაჟება, იმისთვის, რომ ქსელზე არსებული დაზიანება შეეხოს რაც შეიძლება ნაკლებ მოსახლეს",- განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.
ქალაქის მასშტაბით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტების მონიტორინგს სემეკი ახორციელებს. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის გიგა ნადირაძის თქმით, კომპანიამ ორი კვირის ვადაში ოფიციალურად უნდა წარუდგინოს დოკუმენტები, რა პროექტები განახორციელა შეთანხმებული გეგმის ფარგლებში, რა ეტაპზეა და რა არის შემდგომი კვარტლის საინვესტიციო გეგმები.
"კომისიამ გასულ წელს შეითანხმა კომპანიის საინვესტიციო გეგმა 2023 წლის, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. გარდა იმისა, რომ კომისია ითანხმებს საინვესტიციო გეგმებს ასევე კომპანიისგან ითხოვს ინფორმაციას, თუ რა ზეგავლენა ექნება ამ საინვესტიციო გეგმების შესრულების შემდეგ კონკრეტულ მაჩვენებლებს, ანუ რით გაუმჯობესდება მომარაგება. ასევე ჩვენ ვახდენთ ამ გეგმების ფაქტობრივი შესრულების მონიტორინგს, რის ფარგლებშიც მათ შორის ეს შეხვედრა ამ მიზანს ემსახურება, კომპანიამ წარმოადგინა ინფორმაცია პროექტები რა ეტაპზეა.
გარკვეული ტიპის პროექტები არის დაწყებული, მიმდინარეობს ასევე პროექტირება ცალკეული ქუჩებისა და ავარიული უბნების. ჩვენ ყოველ კვარტალურად ვითხოვთ კომპანიისგან ინფორმაციას. შესაბამისად იმ პერიოდში ვართ, როცა კომპანიამ დაახლოებით ორი კვირის ვადაში ოფიციალურად უნდა წარმოგვიდგინოს დოკუმენტები, რა პროექტების განახორციელა ჩვენი შეთანხმებული გეგმის ფარგლებში, რა ეტაპზეა და შემდგომი კვარტლის საინვესტიციო გეგმები, ანუ რომელი პროექტები განხორციელდება",- განაცხადა გიგა ნადირაძემ.
ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის თქმით, მოსახლეობა დაგეგმილ სამუშაოებს, რომელიც დისკომფორტს გამოიწვევს, გაგებით უნდა მოეკიდოს.
"რთული 2022 წლის შემდეგ რუსთავის მერიის წერილის განხილვის დროს სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება და კომპანია 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ქალაქში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს თანხა არის სრულად კომპანიის და იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დახარჯავს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წლის ბოლოს აუცილებლად შეეტყობა ჩვენს ქალაქს და წყლის მომარაგების კუთხით ერთხელ და სამუდამოდ გადავდგათ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სამუშაოები უნდა შეჩერდეს და ეს იქნება მთავარი მიზანი, რომ მხოლოდ 2023 წელი იყოს რეაბილიტაციის კუთხით გამორჩეული, ეს პროექტები უნდა გაგრძელდეს და რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყლის მომარაგება.
ეს არის რუსთაველებისა და ჩვენი მოთხოვნა, რაც დავაყენეთ სემეკთან და 30 მილიონი ლარის ინვესტიცია არ განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოჰყვება დისკომფორტი, გათიშვები და მოსახლეობას ვთხოვ, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ან ვიცოდეთ წინასწარ რა გათიშვები გვექნება, რომ მივიღოთ ის შედეგი, რასაც ყველანი ერთად ვითხოვდით 2022 წელს, რომელიც იყო საკმაოდ რთული მთელი რუსთავისთვის",- განაცხადა ლაცაბიძემ.