"FLEX"-ის ფინალისტი - სალომე ხორბალაძე

2022-04-12 12:57:42

ეს სალომეა, "FLEX"-ის ფინალისტი და ის სკოლის დამამათავრებელ კლასს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს.

რუსთავის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და გოგონა ამერიკელებისთვის ჩვენი ქვეყნისა და ტრადიციების გაცნობაზე იზრუნებს. ამასთან ერთად, ის ამერიკულ კულტურას თავადაც გაიცნობს და გაიზიარებს. პროგრამის მიზანი სწორედ ეს გახლავთ. 

ახლა კი, ასპარეზი თავად სალომეს დავუთმოთ, რომელიც მზადაა ყველაფერი დეტალურად მოგვიყვეს.

"მე ვარ FLEX (Future Leaders Exchange Program) 2023-2024 წლის ფინალისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელ მე-12 კლასს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავატარებ. ამ პროგრამის მიზანია, მოსწავლემ გაიცნოს ამერიკული კულტურა და ამერიკელ მოსახლეობას გააცნოს საკუთარი ხალხი და ტრადიციები, ასევე გამოიმუშაოს დამოუკიდებლობა, ლიდერობის, ჯგუფური მუშაობისა და სხვა უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომში დაეხმარება, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში.


ზოგადად, ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ ხარისხიანი განათლების მიღება, რადგან ჩემი აზრით, განათლება წარმატების საწინდარია. სკოლაშიც ვცდილობ, ყველა საგანს პასუხისმგებლობის გრძნობითა და მოტივაციით მივუდგე. ბევრ მოხალისეობრივ პროექტსა თუ ოლიმპიადაში მიმიღია მობაწილეობა. მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი  "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსია", სადაც მე და ჩემმა გუნდმა TBC ბანკისგან 2 წლიანი სტიპენდია მივიღეთ. ასევე, საპრიზო ადგილზე გავედი GELi-ს ესეების კონკურსში და ჩემი ესე საკმაოდ ცნობილი ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ჩემი უახლესი პროექტია ეკონომიკის ოლიმპიადა, სადაც სკოლის რაუნდში საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლეს შორის მოვხვდი და ასპარეზობას ეროვნულ რაუნდზე გავაგრძელებ.

FLEX-ის შესახებაც სკოლაში, ჩემი თანატოლებისგან შევიტყვე. ამ პროექტზე ყველა მოსწავლეს სმენია და უმრავლესობა მონაწილეობასაც იღებს. მეც მათ მსგავსად მივიღე მონაწილეობა, თუმცა მაშინ ამერიკაში სწავლა შორეული ოცნება უფრო იყო, ვიდრე სამომავლო გეგმა.

შესარჩევი ეტაპები რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი იყო. დავწერე რამდენიმე ესე საკუთარ თავზე, ჩემს ინტერესებზე, აკადემიურ მოსწრებაზე, კლასგარეშე აქტივობებსა და გამოცდილებაზე. ესეებთან ერთად, დავწერე ტესტები და გავიარე გასაუბრება ამერიკული საბჭოების წარმომადგენელთან. რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან ნერვიულობაც ახლავს, თუმცა მოსწავლეები ამ დროს, ძირითადად, საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენით არიან დაკავებულები. შესარჩევი ტურების მიმდინარეობისას უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და გამოცდილებაც შევიძინე. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო ნაწილი მაინც ის ზარი იყო, რომელმაც შემატყობინა, რომ ფინალისტი გავხდი და რომელმაც ჩემი ცხოვრება და გეგმები სასიამოვნოდ შეცვალა.


მინდა ჩემს თანატოლებს ვურჩიო, რომ წინსვლის და განვითარების არცერთი შანსი ხელიდან არ გაუშვან, მათ შორის, არც FLEX პროგრამა და აუცილებლად შეავსონ აპლიკაცია, როგორც კი ასაკი ხელს შეუწყობთ. მიზანდასახულობა და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა, აუცილებლად დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ და არ ინერვიულოთ, წინ მხოლოდ კარგი გამოცდილება გელით!".