მშენებლობიდან ტაძრის ეზოში სამშენებლო მასალები გადმოცვივდა

2023-02-16 19:16:09

რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ რევაზ ტუღუშის თქმით, სავაჭრო ცენტრის მშენებლობიდან ტაძარში სამშენებლო მასალები ისევ გადმოცვივდა. საუბარია მე-12 მიკრორაიონში მიმდინარე მშენებლობაზე.

როგორც სასულიერო პირი აცხადებს, შესაძლოა, მომხდარით ადამიანების სიცოცხლესაც დამუქრებოდა საფრთხე.

"გადმოცვივდა დიდი სამშენებლო ნივთები, ლამის დაიხოცა ხალხი. ეს უკვე მერამდენედ მოხდა და ყველა ძალიან გულგრილად ეკიდება. ხალხმრავალი დღესასწაული იყო და დაეცა იქ, სადაც ხალხი მოძრაობს, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება, გადაადგილდება და რავიცი, რა ვუწოდო ამას თუ არა რელიგიური ნიშნით დევნა. ყოველ დღე ცვივა რაღაცები, მაგრამ ასე მასიური უკვე საშინელებაა", - აცხადებს სასულიერო პირი.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ბოდიშს იხდიან სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში.

"მოგახსენებთ, მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ქარის დროს, ჩვენი სამშენებლო ობიექტიდან მოხდა სამშენებლო ხის კოჭის გადმოვარდნა სართულიდან, რომელიც დავარდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, ეკლესიის ეზოში, რაზეც გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი წუხილი და მოვიბოდიშოთ. აღნიშნული რომ აღარ განმეორდეს, კომპანია დაამონტაჟებს უსაფრთხოების ვერტიკალურ დამცავ ბადეებს დამატებით. (აღვნიშნავთ, რომ ობიექტზე ასევე მოწყობილია ჰორიზონტალური დამცავი ბადეები, მაგრამ ძლიერი ქარის დროს, მაინც მოხდა აღნიშნული ფაქტი)", - აცხადებენ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში.

"ინფო რუსთავმა" ანალოგიური ფაქტი გასულ თვეშიც გააშუქა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები