"ხდება ტაძრის დაზიანება"

2022-01-06 20:39:24

რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის თქმით, ტაძართან ახლოს სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საფრთხის შემცველია.

დეკანოზ რევაზ ტუღუშის განცხადებით, მშენებლობიდან გარკვეული მასალა გადმოცვივდა, რაც შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

"საკითხი ეხება ტაძარს, ტაძარი მოქმედია. მოგეხსენებათ, რა პერიოდში ვიმყოფებით, არის შობის მარხვა, ვცდილობთ სიმშვიდეს, ვცდილობთ მოღვაწეობას, ტაძარი რომელსაც ჰყავს ძალიან მრავალრიცხვოვანი მრევლი და მიმდინარე გაურკვეველი მიზეზებით აღმოცენებული მშენებლობის გამო ხდება როგორც ღვთისმსახურებაში ხელის შეშლა, ასევე ტაძრის დაზიანება. ახლა კი ვდაგავართ უშუალოდ სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ, არის მიოწმობა იმისა, რომ ამხელა სამშენებლო საგნებია გადმოყრილი ტაძრის ტერიტორიაზე, უშუალოდ სავალ ნაწილზე და მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით და არავინ მოიყოლა ქვეშ, თორემ ეს დამთავრდებოდა ფატალუირად, სამწუხარო ფაქტით. ამის შესახებ ინფორმირებულია როგორც ქალაქი, როგორ შრომის ინსპექცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ასე გრძელდება ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო და უშუალოდ სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ ვართ, რა გავაკეთოთ არ ვიცით.

როდესაც ერთი შენობიდან მეორე შენობა ასეთი გეოგრაფიული სიახლოვით იდება, ის აუცილებლად ახდენს ზემოქმედებას. ფაქტი სახეზეა, გალავანი რას გავს, ტაძარს ბზარები და ათასი ფაქტორი. ამის შესახებ მოწმობს კომპეტენტური უწყებებიდან გაკეთებული დასკვნები და შესაბამის ორგანოებშია მიწოდებული ყველაფერი, მაგრამ ამაოდ. ასეულობით ხელმოწერაა მრევლის შესული, საპატრიარქოს მიმართვა, ყველაფერი უგულვებელყოფილია, პასუხებიც კი არ არის ამის შესახებ. სასიცოცხლო საფრთხის ქვეშაა მრევლი და ტაძარში მოსული ფართო საზოგადოება", - აცხადებს სასულიერო პირი.

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. მათივე ინფორმაციით, ტაძრის დაზიანებები, რომელზეც წინამძღვარი საუბრობს, ძველია.

"მოგახსენებთ, 4 იანვრის ღამეს (5 იანვარი რომ თენდებოდა), ქალაქ რუსთავში იყო ძლიერი ქარი (სტიქია), რომელმაც ბევრ ლოკაციაზე შექმნა პრობლემები, მათ შორის ჩვენს მშენებლობაზეც. ამასთან, გვინდა აღვინიშნოთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა მონიტორინგი ობიექტზე, რათა რაიმე დაზიანება არ მომხდარიყო. მშენებლობაზე დაცულია მაქსიმალურად უსაფრთხოების ნორმები (აღნიშნული დადასტურებულია ნოემბრის თვეში შემოწმების აქტით, რომელიც განახორციელა შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ და ყველა დეტალი უსაფრთხოების თვალსაზრისით შეესაბამება ნორმებს). ობიექტი მაქსიმალურად სუფთავდება ყოველდღიურად, რომ რაიმე დეტალი არ იქნეს გადმოვარდნილი შენობიდან, აღნიშნულის დასაცავად, დამატებით მოწყობილია მთელს პერიმეტრზე უსაფრთხოების დამცავი ბადეები. ასე მოხდა ამ ღამესაც, ძლიერი ქარის შედეგად გადმოვარდნილი მცირე დეტალები ჩავარდა ბადეში. რაც შეეხება სხვის ტერიტორიაზე გადავარდნას ჩვენგან რაიმე სამშენებლო მასალების, აღნიშნულზე ინფორმაცია არ გვაქვს და დავინტერესდებით აუცილებლად. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სამეზობლო ტერიტორიებზე ჩვენი მხრიდან არ იყოს არანაირი უსაფრთხოების ნორმა დარღვეული, მითუმეტეს მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ტაძრის მხარეს, რასაც მუდმივად ყურადღებას ვაქცევთ.

რაც შეეხება ტაძრის დაზიანებას ჩვენი მშენებლობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებულია საკმაოდ ბევრი სახის კვლევა, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. ასევე მიწის მესაკუთრის მხრიდან, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, მოხდა კომიისის მოწვევა, რომელმაც დაადგინა, რომ დაზიანებები არ არის გამოწვეული აღნიშნული მშენებლობით, დაზიანებები ძველია, რაც შეეხება სიახლოვეს, ამ თავლსაზრისითაც არანაირი დარღვევა არ არის, რაც დადასტურებულია მშენებლლობის ნებართვითაც.

მიმდინარე პროექტი ხორციელდება ყველანაირი ნორმების დაცვით, როგორც უსაფრთხოების ასევე ნებისმიერი სამშენებლო სტანდარტის", - აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში.