ბათუმში, 6 მაისის პარკში სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველმა, თეონა ყურშუბაძემ გაავრცელა. ის დამნაშავის დასჯას ითხოვს.
ქალი პოლიციის მეორე განყოფილებაში უკვე გამოჰკითხეს, დანიშნულია ექსპერტიზაც. ყურშუბაძის ინფორმაციით, ასეთი მძიმე დაზიანებები ორი თვის წინ კიდევ ორ ცხოველს მიაყენეს.
"პირველი შემთხვევა არ არის, დამთხვევა არის ისევ იგივე ადგილას ამ ცხოველის დაჭრა. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ვიღაც შეგნებულად დადის და ანადგურებს მიუსაფარ ცხოველებს და უსწრაფავს სიცოცხლეს ასეთი მეთოდებით", - ამის შესახებ ყურშუბაძე მთავარ არხს განუცხადა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.