რუსთავში სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევები დასრულდა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის ინფორმაციით, პროცესი 1 აგვისტოს დაიწყო და დღეის მონაცემებით, რუსთავიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში 173 ახალგაზრდა გაიწვიეს.
მისივე თქმით, რელიგიური ორგანიზაციის წევრობის გამო წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 158 პირმა აარიდა. რელიგიური ნიშნით გათავისუფლებული 153 წვევამდელი, ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრია, ხოლო 5 "კატაკომბური რელიგიის".
თათარაშვილის ინფორმაციითვე, 150-მდე წვევამდელის მოსაძიებლად პოლიციის დახმარება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, ბიბლიური თავისუფლება პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც პარტიამ ჯარში წასვლის სურვილის არ მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნა. "ბიბლიური თავისუფლება" სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, თუმცა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კანონში ამ ხვრელის ამოვსება მოხდება და წვევამდელები ვეღარ შეძლებენ "ბიბლიურ თავისუფლებაში" გაწევრიანებით სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი აარიდონ.