მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა მთლიანად თავდაცვის სისტემაში გადავა.
მისივე თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება" გაუქმდება.
"დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განვიხილავთ. ბატონმა ჯუანშერმა წარმოადგინა აღნიშნული პროექტი. ეს არის ერთ-ერთი საოცნებო საკითხი პირადად ჩემთვის, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, მათ აღზრდას, მათში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და დამატებითი მოტივაციის მიცემას.
დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ უცხო ქვეყნების გამოცდილება, პრაქტიკა დავამუშავეთ და აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება - რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში.
პირველი, რაც მინდა მოკლედ გითხრათ, არის შემდეგი - სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, ხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ, მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და უნდა ვაღიაროთ, რომ არ იყო ეფექტური. ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ამის თაობაზე გვქონდა უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან საუბარი, ყველამ ერთად გავაანალიზეთ და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ დამატებით შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას აირჩევს. მინიმუმ იქნება 6-თვიანი პროგრამა. ეს არ იქნება რაღაც უბრალოდ თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა.
გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს თავდაცვის უწყება. ეს პროცესი იანვრიდან დაიწყება, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. იქამდე სამინისტროს მოწესრიგება, მომზადება სჭირდება. ასევე რეგიონებში გვინდა ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე ჩვენს ახალგაზრდებს გაუადვილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს და არ განიცდის, ეს იყო გირჩის მავნებლური უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს.
ეს კარგად ვიცით, რომ იყო რაღაც ფიქტიური ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამას, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც.
აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურა ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისი სახელის ხსენება ამ მთავრობის სხდომაზე, ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. ამიტომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი ფიქტიური ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ახალგაზრდა ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას, ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს. ასე რომ ეს საკითხი მოგვარებულია",- განაცხადა ღარიბაშვილმა.