"რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ გამართა პოლიტიკური სპექტაკლი ფოტოგამოფენის თანხლებით", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ის ელოდება რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური ფრთისგან კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ქალაქში ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება.
"რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ გამართა პოლიტიკური სპექტაკლი ფოტოგამოფენის თანხლებით და პარლამენტარ ბექა ლილუაშვილის მონაწილეობით, რომლის ბოლო ნაწილიც იყო ულტიმატუმი, რომ არ დაამტკიცებდნენ ბიუჯეტის ზრდას, რომელსაც დიდი გავლენა უნდა მოეხდინა და გაეუმჯობესებინა ის პროგრამები, სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გვაქვს ქალაქში. დღეს რუსთავში 400 მისამართზე 87 მილიონი ლარის პროექტი მიმდინარეობს. რუსთაველები კარგად ხედავენ, რომ მერიის გუნდი ყველაფერს აკეთებს და ყველა არსებულ შესაძლებლობას იყენებს ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჯერ კიდევ დასაძლევია არაერთი პრობლემა და გამოწვევა. მოვუწოდებ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილს, არსებობის შემთხვევაში, წარმოგვიდგინოს კონკრეტული და რეალისტური გეგმა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად ყველა ავარიული შენობის და ყველა გზის რეაბილიტაცია, წარმოგვიდგინოს გეგმა, თუ როგორ შეიძლება ერთბაშად ყველა უბინაოს მივცეთ ბინა და ასევე, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ასეთის არსებობის შემთხვევაში მზად ვართ, დავსხდეთ და დეტალურად მოვისმინოთ პრობლემების ერთდროულად მოგვარების ოპოზიციიის გეგმა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. სიტუაცია წარმომადგენლობით ორგანოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქში არსებული დაზიანებული ინფარსტრუქტურისა და სოციალური თემატიკის ამსახველი ფოტოები გამოფინეს.
გარდა ამისა, ენმ-ის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ ბიუჯეტში შესატან ცვილებებს იმ შემთხვევაში, თუ თემის ირგვლივ კითხვებზე პასუხების გასაცემად საკრებულოში რუსთავის მერი ან მისი მოადგილეები არ მივიდოდნენ.