რუსთავის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო.
სიტუაცია წარმომადგენლობით ორგანოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქში არსებული დაზიანებული ინფარსტრუქტურისა და პრობლემური სოციალური თემატიკის ამსახველი ფოტოები გამოფინეს.
სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა "ქართული ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება.
დეპუტატ ბადრი მაჭავარიანის შეფასებით, მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ოპოზიციური პარტიის მხრიდან ეს იყო "შოუ", "სანახაობა" და არ იყო რეალურად საქმის კეთებაზე გათვლილი.
ენმ-ის ფრაქციის წევრის, ნანა შატბერაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რუსთავში არსებული რეალური სურათის ნახვით გაღიზიანდნენ და ამ გზით უბრალოდ თემის გადაფარვა სურდათ.