როდის დასრულდება რუსთავში 25-ე და 26-ს სკოლის რეაბილიტაცია

2022-08-11 18:06:02

რუსთავში 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რომლის დაფინანსებითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეაბილიტაცია უტარდება.

სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს წელიწად ნახევარზე მეტია ტენდერებში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+" ასრულებს.

კომპანიას სამუშაოები 2021 წლის 16 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადის გადაწევა 2022 წლის 25 ივნისამდე ითხოვა.

აპრილში შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+-ის" დირექტორმა, ირაკლი ბერძენიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ შესაძლებელი იყო, 25 ივნისის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ დამატებით რამდენიმე თვით გადადებულიყო, თუმცა რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებლად იქნებოდა დასრულებული, თუმცა ვადებმა ამჯერად ოქტომბრამდე გადაიწია.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა გახდა ვადების კიდევ ერთხელ ცვლილების მიზეზი, თუმცა კომპანიასთან კომუნიკაცია ამჯერად ვერ მოხერხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები