რუსთავში თითქმის წელიწად ნახევარია ორი სკოლის, 25-ე და 26-ე საჯარო სკოლების, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ამ სკოლების მოსწავლეთა მშობლები დაუკავშირდნენ და სთხოვეს, გაერკვიათ, როდის დასრულდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ორივე საჯარო სკოლასში სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+" ასრულებს.
ხელშეკრულების თანახმად სკოლების რეაბილიტაცია 16 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო თუმცა, შემსრულებელმა კომპანიამ ვადის გადაწევა 25 ივნისამდე ითხოვა.
მიზეზებად კი 26-ე სკოლის შემთხვევაში დაასახელა: "სამუშაოების თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში დასრულება ვერ მოხდა დამატებითი სამუშაოების წარმოქმნის გამო, რომლებმაც შეაფერხა სხვა დაგეგმილი სამუშაოების დაწყება, ეზოში არსებული ამორტიზებული შენობის დანგრევის სამუშაოები გაჭიანურება, სადაო საკითხი თვითნებურად შემოღობილი ტერიტორიის განკარგვის თაობაზე, კოვიდ19 პანდემიით გამოწვეული შეფერხება". რეაბილიტაციის ვადის გახანგრძლივება 25-ე სკოლის შემთხვევაშიც დამატებითი სამუშაოების გამო მოხდა, რომლებმაც შეაფერხა სხვა დაგეგმილი სამუშაოების დაწყება, ასევე მიზეზად დასახელებულია კოვიდ19 პანდემიით გამოწვეული შეფერხება, სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად საჭირო დამატებითი დრო და ქვაბულში ჭარბი წყლის მოდინების მოსაცილებლად.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა შეძლებს თუ არა კომპანია სამუშაოების დასრულებას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. ორივე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორის ირაკლი ბერძენიშვილი განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ სამუშაოების დასასრულებლად, თუმცა შესაძლოა 25 ივნისის შემდეგ კიდევ გახდეს გარკვეული დროის კიდევ დამატება საჭირო.
"ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ვადებში დავამთავროთ. შუა პროცესში შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი სამუშაოები, რომელიც დამატებით ღონისძიებებს საჭიროებს. შესაძლოა დასამატებელი გახდეს ერთი ან ორი თვე",- აცხადებს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის განმარტებითვე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად იქნება დასრულებული მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე.