ქართველებმა პოლონეთში საინკასაციო ავტომობილიდან 500 000 ზლოტი მოიპარეს

2022-07-23 00:12:03

ვარშავის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებმა ბანკის კუთვნილი საინკასაციო ავტომობილიდან ნახევარი მილიონი ზლოტი გაიტაცეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, 4 შეიარაღებული და ნიღბიანი ქართველ მამაკაცი საინკასაციო მანქანას მაშინ დაესხა თავს, როცა დაცვას ბანკიდან სპეციალური ჩანთით დიდი ოდენობით თანხა გამოჰქონდა.

სავარაუდო დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალნენ, რომ მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

არსებობს ეჭვი, რომ დაჯგუფება ბანკის საინკასაციო მანქანას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და თანხის გატაცების დეტალები წინასწარ ჰქონდა გათვლილი. დაჯგუფების წევრებმა ყაჩაღობისას დაცვის თანამშრომელი დაჭრეს და ფულით სავსე ჩანთა დღისით, თვითმხილველების თანდასწრებით გაიტაცეს.

პოლონურ მედიაში გავრცებული მოწმის ჩვენების მიხედვით, 4 მამაკაცი დაცვას ჯერ დანით დაესხა თავს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ფულით სავსე ჩანთა გაიტაცეს და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილით მიიმალნენ.

ცნობილია ისიც, რომ თავდასხმის დროს დაცვის თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. პოლიციამ უკვე გააფრთხილა სამედიცინო დაწესებულებები, რომ საეჭვო პაციენტის გამოჩენისთანავე სამართალდამცველ ორგანოებს აცნობონ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები