სასამართლომ 9 პირს პატიმრობა შეუფარდა

2022-07-14 14:28:06

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე დაკავებულ ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათგან 2-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. როგორც მან ბრალის განმარტებისას აღნიშნა, სასამართლომ კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს მიიჩნია, რომ არსებობდა საკმარისი ინფორმაცია და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული შალვა მამიაშვილი (მეტსახელად "ჩატო") და 1972 წელს დაბადებული მამუკა ფეიქრიშვილი - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ხოლო 1979 წელს დაბადებული გიორგი ნადირაძე, 1979 წელს დაბადებული ვახტანგ აფშილავა და 1968 წელს დაბადებული გოჩა ცეცხლაძე - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

1960 წელს დაბადებული ამირან ჯაფარიძე (მეტსახელად "კიკა") და 1969 წელს დაბადებული რამაზ გიორგაძე კი "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თამაზ ფაღავას და 1975 წელს დაბადებულ გიორგი თვალთვაძეს, მათ „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - გიორგი ნადირაძემ და ვახტანგ აფშილავამ, ამირან ჯაფარიძის და რამაზ გიორგაძის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი - მამუკა ფეიქრიშვილი, რომელმაც ლევან აბულაძეს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო, ლევან აბულაძემ კი ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავას ოღლის.

მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.