პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა

2022-06-23 11:18:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივარ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1971 წელს დაბადებული რ.ფ. და 1980 წელს დაბადებული კ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს 9 პისტოლეტი, რომელთა ნაწილი ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღეს, ნაწილს კი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1994 წელს დაბადებული გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ხაშურში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი და 8 ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.