რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთ-ერთი სუპერმარკეტის შესასვლელთან შავი ფერის, ტყავისგან დამზადებული საფულე იპოვეს. საფულეში ახალგაზრდა მამაკაცის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სხვადასხვა ბარათი და გარკვეული თანხა იდო.
საფულის მეპატრონის მოძებნის მიზნით, მპოვნელმა "ინფო რუსთავის" ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა.
"ერთმა ბიჭმა იპოვა, მიხვდა რომ შევამჩნიეთ და ავტობუსის გაჩერებაზე გადახურულში შევიდა. რომ გამოვიდა, მე და ჩემი მეგობარი მივედით, გვაინტერესებდა სად წაიღო და ვნახეთ, რომ სკამზე იყო დატოვებული. გავხსენით, საფულის ჯიბეში 20 ლარი და ხურდები ეყარა. ყოჩაღ, კარგი ბიჭი ყოფილა-მეთქი, მაგრამ მერე ეჭვი დამებადა. ვფიქრობ, გახსნა საფულე, თანხა ამოიღო და საფულის ჯიბეში აღარ ჩაიხედა.
მერე მე და ჩემმა მეგობარმა ელდორადოში შევიტანეთ და სალაროსთან დავუტოვეთ", - გვიყვება ქალი.
მისი თქმით, საფულეში რა თანხაც არ უნდა ყოფილიყო, მეპატრონეს აუცილებლად მოძებნიდა და დაუბრუნებდა.
"ინფო რუსთავის"ინფორმაციით, საფულე უკვე დაუბრუნდა მეპატრონეს. მან დაკარგულ ნივთს მაღაზიაში მიაკითხა.