"მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისებს"

2022-06-15 12:57:07

რუსთავის მერიაში ზედამხედველობის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდა.

ახალი სამსახურის პრეზენტაცია ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ თავისუფლების მოედანზე გამართა.

ლაცაბიძის განცხადებით, სამსახურის შესაქმნელად რეფორმების გატარება გახდა საჭირო, რომელიც სამი მიმართულებით მიმდინარეობდა.

"რუსთავში დაწყებული რეფორმები, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისებს, რომელიც ორიენტირებულია თითოეულ რუსთაველზე. დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციაც ზედამხედველობის სამსახურის, რომელიც აბსოლუტურად ახალი სახით წარსდგა დღეს ქალაქის წინაშე, სწორედ ემსახურება იმას, რომ თითოეულმა რუსთაველმა იგრძნოს ის გაუმჯობესება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.

მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდა ძირითადად ზედამხედველობის ბაზაზე. რეფორმის ნაწილზე ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. რეფორმა მიმდინარეობდა სამი მიმართულებით, ეს იყო სამსახურის ფუნქციური გაძლიერება, ტექნიკურ-მატერიალური აღჭურვილობა და ტექნიკური ბაზის განახლება, ასევე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის, დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო განხილვებს ძალიან მალე დაიწყება. იქნება დასასრული და სრულყოფს ჩვენს რეფორმებს. ფუნქციური გაძლიერება გულისხმობს იმას, რომ დაემატა ახალი განყოფილებები, ახალი ფუნქციები. ქალაქში დღეიდან იმოძრავებს მუნიციპალური ინსპექციის ახალი ტრანსპორტი, რომელიც აღჭურვილია ყველა სათანადო ტექნიკით, რომ ძალიან სწრაფად, ეფექტიანად და ოპერატიულად გადმოსცენ ინფორმაცია და ადგილზედ მიიღონ გადაწყვეტილებები",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

პრეზენტაციას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ასევე პარლამენტარები სოზარ სუბარი, ბექა დავითულიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები ესწრებოდნენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები