რუსთავის ისტორიულ მუზეუმში 16 წლის რუსთაველი მხატვრის, მარიამ ძაძამიას პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.
როგორც მხატვარმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, საგამოფენო სივრცეში მისულ დამთვალიერებლებს სულ 22 ნამუშევრის ხილვის საშუალება აქვთ.
მისი თქმით, გარკეული პაუზის შემდეგ მხატვრობას პანდემიის პერიოდში მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც დედამ საღებავები და ტილო უყიდა.
"ტილოზე ხატვა დავიწყე ორი წლის წინ, პანდემიის პერიოდში ზაფხულში. დედაჩემმა მიყიდა საღებავები და ტილოები. პანდემიამ მიმაბრუნა მხატვრობისკენ, რადგან პაუზა მქონდა დაახლოებით 2 წელი, აქტიურად აღარ ვხატავდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ნახატები უნდა ყოფილიყო ფერადი. მომწონს ფერების ერთმანეთთან შეხამება.
ლევან სონღულაშვილია ჩემი საყვარელი ქართველი მხატვარი და მან თქვა, რომ ხანდახან კონცეფია გვიბიძგებს ფერებისკენ, ფერები კი კონცეფციისკენ და ზუსტად ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც",- განუცხადა მარიამ ძაძამიამ "ინფო რუსთავს".
ნახატების ძირითადი ნაწილი კუბიზმის მიმდინარეობისაა და მსურველებს მისი დათვალიერება მუზეუმში კიდევ ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
გაიცანით რუსთაველი მხატვარი, რომელმაც ხატვა 6 წლის ასაკში დაიწყო.