გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სამგორში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც სოფლის მცხოვრებლებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, წლებია მათ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ. მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის დროს მიღებული დაპირებისა, რომ პრობლემა მოგვარდებოდა სოფელს წყალი ისევ არ აქვს.
"დაგვეხმარეთ, მოგვაქციეთ ვინმემ ყურადღება. 21-ე საუკუნეში ასეთ გაჭირვებაში აღარავინ აღარ არსებობს. უწყლოდ ვიხოცებით ამ სიცხეში ელემენტარული წყალი არ გვაქვს, რომ მოვსულიერდეთ მაინც. გვეუბნებიან, მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ახალი ქსელები გაჰყავთ თუმცა, რაც ეს სოფელი არსებობს არასდროს არ მოგვარებულა წყლის ამბავი. ფაქტობრივად ცოცხლად ვწყდებით ამდენი ხალხი. მოგვაქციეთ ვინმემ ყურადღება. გამოსულები ვართ ამ სიცხეში და ვდგავართ პატარა ბავშვებით ხელში",- განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
სამგორის მოსახლეობის თქმით, იმის გამო რომ პრობლემაა სარწყავი წყლის მიწოდებაც, უხმებათ მოსავალი და უკვდებათ საქონელიც.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა სოფელში მერის წარმომადგენელი ნიკოლოზ მაღრაძეც, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიხედვითაც წყლის მიწოდების პრობლემა უნდა მოგვარდეს.
"ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, მიმდინარეობს დიდი პროექტი, რომელიც ერთ წელში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ძველ ქსელებს, სოფელს სასმელ წყალს აწვდის გაერთიანებული წყალმომარაგება და მელიორაცია სარწყავს, მათი წარმომადგენლები უფრო კომპეტენტურები არიან და უფრო ზუსტ პასუხს გეტყვიან, როდის მოაწვდიან სოფელს წყალს. რაც შეეხება შიდა ქსელებს, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი გამართულად მუშაობს და წყლის მიწოდებას ნორმალურად უზრუნველყოფს, თუ შემოვა სოფელში წყალი",- განაცხადა ნიკოლოზ მაღრაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა მელიორაციის წარმომადგენელიც, რომელიც ამბობს, რომ სოფლებისთვის საწყავი წყლის მიწოდება ეტაპობრივად ხდება.
"ზემო სამგორის სერვისცენტრი დამოკიდებულია წყალსაცავებზე, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე. როცა მასზე ვართ დამოკიდებული ყოველთვის ვცდილობთ, რომ დანახარჯი გვქონდეს სწორი და ნაკლები. აქედან გამომდინარე, წლევანდელი წელიწადი დაგეგმილი იყო, რომ დაწყებულიყო პირველ ივნის, რომელიც დაიწყო კიდევაც. თუმცა აქ ერთდროულად არ იშვება წყალი, ეტაპობრივად ხდება. დღეს არის მესამე ეტაპი გამოშვების და წყალი შემოვა ახალ სამგორში. ახალი სამგორი თბილისის ზღვიდან 28-29 კილომეტრის მოშორებითაა. ამ დისტანციაზე უამრავი გამშვები ფარია, რომელიც სარგებლობს წყლით. შესაბამისად ყოველთვის ჭირს წყლის მიწოდება",- აცხადებს მელიორაციის წარმომადგენელი.
მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები შეხვდნენ და გასცეს დაპირება, რომ სოფელს წყალი გრაფიკით, სამ დღეში ერთხელ მიეწოდება.