,,ეს არის აქცია ბოლო შანსი" [photo]

2022-06-05 20:00:52

რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "ბოლო შანსი" გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კოსტავას გამზირიდან, ე.წ. პირამიდის მიმდებარე ტერიტორიიდან საფეხმავლო მსვლელობით დაიძრნენ და ცენტრალურ მოედანზე მივიდნენ, სადაც მოწყობილი იყო სცენა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები იყო: აღსრულდეს ჰაერდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ზუსტად 1 წელია რაც ძალაში შევიდა, გამოაქვეყნოს სამინისტრომ გეგმა-გრაფიკი რომელ საწარმოს კონკრეტულად როდის ექნება ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურად ჩართონ საწარმოებთან შეხვედრებში და გაზარდონ მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხი, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფი გახდეს უფრო ქმედითი (მათ შორის, რუსთავის მერიამ დროულად შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობები), გაიზარდოს საწარმოების კონტროლი და არაგეგმიური ინსპექტირებების რიცხვი.

"ეს არის აქცია ბოლო შანსი. ბოლო შანსი ხელისუფლებისა და საწარმოებისთვის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეინარჩუნონ სახე და მოსახლეობას არ დაჭირდეს რადიკალური პროტესტი. ბოლო შანსი მოქალაქეებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ, ვისაც ეს საკითხი ადარდებს, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ბოლო შანსი ჩვენთვის, რომ ყველა რესურსის და ძალის მობილიზება მოვახერხოთ და ჩვენი მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ.

ექვსი თვე ვითხოვდით კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს, რაც გულისხმობს, რომელ საწარმოს როდის ექნებოდა ფილტრაციის სისტემა დამონტაჟებული და თვითმონიტორინგის სისტემა. ამ დროის განმავლობაში სამინისტრომ ამაზეც კი ვერ გაგვცა პასუხი. გავიგუდეს გარდა კიდევ 20 სხვა მოქალაქემ გააგზავნა ანალოგიური წერილი, თუმცა პასუხი ამაზეც ვერ მივიღეთ. ეს აქცია არის მნიშვნელოვანი. როგორც კი აქცია დავაანონსეთ სამინისტროსგან მივიღეთ პასუხი, რომ საწარმოებს მიწერეს და გეგმა-გრაფიკს ელოდებიან მათგან. ჩვენ ვუწესებს მათ ვადას, ესაა 20 ივნისი, რადგან 19 მაისს გაგზავნეს ეს წერილები და ერთი თვე სრულიად საკმარისია, რომ ჩამოყალიბებული გეგმა გრაფიკი გააცნონ საზოგადოებას",- განაცხადა "გავიგუდეთ" წევრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თიკო მაღედანმა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები