სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისის თვეში რუსთავში 10 ობიექტი დააჯარიმა, საიდანაც 2-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ქალაქში 2 ობიექტს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეუჩერდა და ასევე დაეკისრათ 1000 ლარიანი ჯარიმა. აღნიშნული ობიექტებიდან ერთი ცხოველთა სასაკლაოა, მეორე კი ხორცპროდუქტების მაღაზია. 8 ობიექტის დაჯარიმება ეტიკეტირების წესის დარღვევისთვისა და რეგისტრაციის არ ქონის გამო მოხდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, გეგმურად თუ არაგეგმურად რუსთავში 60 , ქვემო ქართლის მასშტაბით კი 125 ობიექტი შემოწმდა, აქედან 28 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა, სხვადასხვა ობიექტიდან აღებულია 16 სახის ნიმუში.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.