"ორი წელია ეს პრობლემა დგას და აქამდე რეაგირება არ ჰქონიათ" [photo]

2022-05-30 21:57:06

რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე მე-10 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ყოველდღიურად ძილი იმ ოთახში უწევთ, სადაც კედლები ნესტის გამო დაზიანებულია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნანა შატბერაშვილმა განუცხადა ბაღს უკვე ორი წელია ეს პრობლემა აწუხებს, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია.

"ბავშვებს სძინავთ ამ ოთახში და ნებისმიერ შემთხვევაში ამან შეიძლება ასთმა ან სხვა ტიპის დაავადება გამოიწვიოს. ამბობენ, რომ წვიმის დროს წყალი შემოდის. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ორი წელია ეს პრობლემა დგას და აქამდე რეაგირება არ ჰქონიათ. რა თქმა უნდა, მძიმდებოდა სიტუაცია და დღეს არის სასწაული მდგომარეობა. მშობლების რაღაც ნაწილმა მომმართა თხოვნით, რომ ეს ამბავი მომეკვლია და ადგილზე რომ მივედი მოლოდინს გადააჭარბა, ასეთ რთულ სიტუაციას არ ველოდი. ბავშვებს სძინავთ ამ ოთახში და გარდა ვიზუალისა, ოთახში ნესტის სუნია",- განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთავის "ბაგა-ბაღების" გაერთიანებას, სადაც აცხადებენ, რომ ბაღებში სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე დაგეგმილია ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების სარემონტო სამუშაოები, იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელთა მოგვარებაც სააღმზრდელო პროცესის პარალელურად ვერ მოხერხდებოდა.

"2021 წლიდან დღემდე საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე დაიხარჯა 2 250 328 ლარი, მოეწყო ათამდე ბაღის ეზო, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის ინფრასტრუქტურას, აშენდა ერთი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ბაღი, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს აღსაზრდელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 1 755 178 ლარის სამუშაოები, რომელთა შორის არის პირველი ბაღის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია. თითქმის ყველა ფილიალში მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის სისტემების სრული რეაბილიტაცია, სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე დაგეგმილია ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების სარემონტო სამუშაოები, იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელთა მოგვარებაც სააღმზრდელო პროცესის პარალელურად ვერ მოხერხდებოდა",- აცხადებენ "ბაგა-ბაღების" გაერთიანებაში.

ცნობისთვის, მე-10 ბაღის ძველი შენობა დაზიანებული და ავარიული იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი მოხდა და 2017 წელს ახალი აშენდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები