"საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა"

2022-05-25 14:21:06

რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული ევროპის კრივის ფედერაციის სპორტსმენთა კომიტეტის წევრად აირჩიეს.

საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომიტეტის წევრი ქართველი იქნება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მოკრივეს დაუკავშირდა, რომელიც ახლა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

გურულის თქმით, მისი კანდიდატურის კომიტეტის წევრად არჩევა მოულოდნელი იყო, რადგან ქართველისთვის იქ მოხვედრა არც ისე ადვილია.

"ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი იყო სხდომაზე ჩასული და ჩემი კანდიდატურა წარადგინეს. მთელი ევროპიდან რამდენიმე წევრი უნდა არჩეულიყო. შემდეგ შევავსე რაც საჭირო იყო და ორი თვის მერე ჩატარდა არჩევნები, სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა ევროპის მასშტაბით.

საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ქართველი არის ევროპის ფედერაციის სპორტსმენთა კომიტეტის წევრი. ჯერ არ ვიცი, რა დაგვევალება, რადგან არანაირი გამოცდილება არ მქონია.

ჩემთვის უეცრად მოხდა, არც ველოდი, რადგან როდესაც არის ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია და ევროპის წამყვანი ქვეყნები, საქართველოს წევრი რომ მოხდეს ცოტა ძნელია და არ ველოდი. მოხდა ისე რომ ამირჩიეს, ამიხსნიან ჩემს მოვალეობებს. მგონია, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში მოგვიწევს მონაწილეობა, ხმის მიცემა და ა.შ.

თითქმის ყველა ქვეყნიდან უნდა მიეღოთ მონაწილეობა და მხოლოდ რამდენიმე აგვირჩიეს კომიტეტის წევრად.

ძალიან კარგი სიახლეა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად ხდება და ეს ადამიანი მე ვარ. ახალი გამოცდილება იქნება ჩემთვის",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ლაშა გურულმა.

ლაშა გურული ახლა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, რომელიც ერევანში იმართება და თავის წონით კატეგორიაში, 67კგ-ში, პირველ ნომრადაა განთესილი, რაც ასევე ქართული კრივის ისტორიაში პირველად მოხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები