მწვავე ჰეპატიტი ბავშვებში

2022-05-18 13:22:09

საქართველოში არატიპური ჰეპატიტის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ამ კუთხით, სიმშვიდეა რუსთავში არსებულ კლინიკებშიც. 

"ინფო რუსთავი" ქალაქში არაებული სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური განყოფილებების წარმომადგენლებს ესაუბრა, სადაც აცხადებენ, რომ კლინიკებისთვის არატიპური ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ჯერჯერობით არცერთ პაციენტს არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება უკვე დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

"თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც "ა" და არც B ჰეპატიტი, "დელტა" და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე", - აღნიშნა გამყრელიძემ.