ნინო ლაცაბიძე - ძალიან მალე, რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის შეიქმნება თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე.
რუსთავში, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაიწყო.
ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ახალ სკვერში, ღია საგამოფენო სივრცე მოეწყობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის დეტალებს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
"დღეს დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება და ძალიან მალე, რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის შეიქმნება თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას. რა თქმა უნდა, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ისევ რჩება პრიორიტეტად, მე მიხარია, რომ ეს პროექტი, უფრო მეტად, სახელოვნებო მიმართულებით იქნება დატვირთული", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება, დასასვენებელი სკამები მოეწყობა. საგამოფენო სივრცეში, მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდები განთავსდება. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით კი, დამონტაჟდება ვიდეო კამერები.
"კიდევ ერთი ლამაზი სკვერი შეემატება ჩვენს ქალაქს. ეს იქნება საგამოფენო სკვერი, სადაც განთავსდება სპეციალური სტენდები, მოეწყობა საკმაოდ მაღალი ხარისხის ფილაქანი, ტერიტორია იქნება გამწვანებული გაზონებით, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, სკვერში იქნება დასასვენებელი სკამები და ინტერნეტი", - განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა კობა ძლიერიშვილმა.
საგამოფენო სივრცისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს სამუშაოებს შპს "სამება" აწარმოებს.
"პროექტის ღირებულება 334 439 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 120 კალენდარული დღეა. ძირითადი აქცენტი გაკეთდება თანამედროვე საგამოფენო სივრცის მოწყობაზე, სადაც ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები გამოიფინება", - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.