რუსთავში, მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა.
სკვერის რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა გახსნეს.
როგორც ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მოსახლეობის მოთხოვნა იყო.
"რაც ყველაზე მთავარია, ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა. მათ გვთხოვეს, რომ ტერიტორია, რომლითაც ვერავინ ვერ ვსარგებლობდით, ყოფილიყო ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე მორგებული და მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. დღეს გახსნა გვაქვს და გახსნა ეძღვნება მშვიდობას", - განაცხადა ლაცაბიძემ.
რეკრეაციული სივრცის გახსნის ღონისძიებაზე მოსახლეობას სხვადასხვა საბავშვო და მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს. პატარებისთვის განწყობის ამაღლებაზე ზღაპრების გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ.
სკვერი 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. მრავალფუნქციურ რეკრეაციაში საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონები დაგხვდებათ. განხორციელდა დენდროლოგიური პროექტიც და ტერიტრიაზე 350 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
პროექტის ღირებულება 1 224 439 ლარია. რუსთავის მერის ინფორმაციით, სკვერს ახალგაზრდების ინიციატივით, მშვიდობის სახელი მიენიჭება.