როდის დაიწყება დევნილებისთვის ბინების მშენებლობა რუსთვში

2022-05-12 14:53:09

რუსთავში, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შატაკიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შატაკიშვილმა მინისტრს ჰკითხა, როდის დაიწყება და როდის დასრლდება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების მშენებლობის სამუშაოები.

"თქვენ ისაუბრეთ, რომ სახელმწიფო ახორციელებს პროგრამას, რომელიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან და ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 7 000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, ჯამური ღირებულება კი შეადგენს 700 მილიონ ლარს, რასაც მივესალმებით. ამ პროგრამაში ჩართულია რუსთავი და რუსთავში არის დაგეგმილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. თქვენ ისაუბრეთ ამაზე, უბრალოდ ცოტა უფრო მეტი დეტალი თუ შეიძლება რომ გვითხრათ, როდის იგეგმება ამ ბინების მშენებლობის დაწყება და რა ვადაში დასრულდება", - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

როგორც ჯანდაცვის მინსტრმა აღნიშნა, მშენებლობის სამუშაოები ზაფხულში დაიწყება და დაახლოებით, 2 წელში მორჩება.

"რუსთავში უკვე გადმოგვცეს მიწა, რომელიც საკმარისია 880 დევნილის ბინით უზრუნველყოფისთვის. დაახლოებით, 70 მილიონი ლარის პროექტია. აქტიური სამუშაოები ჩვენი გათვლებით ზაფხულიდან დაიწყება და ვფიქრობთ, რომ წელიწად-ნახევარი ორი წლის განმავლობაში ამ სამუშაოებს დავასრულებთ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.