"ერთი და იგივე პედაგოგი 10-11 საგანს ასწავლის"

2022-05-12 14:27:32

სკოლებში პედაგოგთა დეფიციტია - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომელიც დისტანციური სწავლების ეფექტიანობას ეხება. საუბარია ქვეყანის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებზე, თუმცა აღნიშნული დეფიციტი არსებობს ასევე თბილისის სკოლებშიც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ სკოლაში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი მასწავლებელი ასწავლის სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს, კვალიფიკაცია კი მხოლოდ ერთ საგანში გააჩნია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების პროცესის ხარისხზე.

ანგარიშის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების 6% (3,594 მასწავლებელი) ასწავლიდა VII-XII კლასებში სხვადასხვა არა მომიჯნავე საგანს, მათ შორის, 241 მასწავლებელი - თბილისის სკოლებში. რეგიონებში კი არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის ერთდროულად ბიოლოგიას, მათემატიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო მეორე - ინგლისურ ენასა და ფიზიკას. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს, აღნიშნული კი წარმოშობს სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადო ხარისხით წარმართვის რისკებს.


წყარო: edu.aris.ge